ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, სენატის საგარეო კომიტეტში სენატორები თითქმის 3 საათის განმავლობაში უსმენდნენ. კომიტეტზე დებატები იმ დროს გამწვავდა, როდესაც ბლინკენს ტეხასის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა კრიტიკული კითხვები დაუსვა. ამერიკელმა კანონმდებელმა ქვეყნის პირველ დიპლომატს პასუხები მოსთხოვა კითხვებზე, თუ როგორ შეძლო ბაიდენის ადმინისტრაციამ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კატასტროფამდე და მშვიდობიანი მსოფლიოს სასტიკ კონფლიქტებამდე მიყვანა. სენატორმა ტედ კრუზმა ბაიდენის მთავრობას პასუხისმგებლობა დააკისრა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ორი უმძიმესი ომის გამოწვევაში.
თითქმის 10 წუთი გაგრძელდა სენატორ კრუზსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის დებატები, რა დროსაც ამერიკელი კანონმდებელი ბლინკენს არც თავის მართლებას და არც განმარტებების საშუალებას აძლევდა.
"არ მაინტერესებს თქვენი სიტყვით გამოსვლა ან სიტყვებით თამაში, გამეცით კონკრეტულ კითხვაზე, კონკრეტული პასუხები" - ასე მიმართა ბლინკენს სენატორმა, როდესაც კითხვა დაუსვა, თუ რა რაოდენობის ნავთობს ყიდდა ირანი მაშინ, როცა ბლინკენი საგარეო უწყების ხელმძღვანელი გახდა.
ბლინკენის წყენა განსაკუთრებით სენატორის იმ სიტყვებმა გამოიწვია, როდესაც ტედ კრუზმა ბაიდენის ადმინისტრაცია "ჰამასის" გაძლიერებასა და ისრაელისათვის არასათანადო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა.
ენტონი ბლინკენს მწვავე კითხვები დაუსვეს სხვა სენატორებმაც. მათ შორის იყო რენდი პოლიც, მან ჩინეთის მიმართ ენტონი ბლინკენის უწყების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დაშინება და სანქციები პეკინის პოზიციას არ ცვლის, სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობა კი ამ მიმართულებით უკვე წლებია არაეფექტურია.
ისმოდა ბრალდებები, რომ დღევანდელი მსოფლიო გაცილებით საშიში გახდა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ამერიკელები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. სახელმწიფო მდივანმა კი ეს ნარატივი უარგუმენტო მოსაზრებად შეაფასა. კომიტეტზე განხილვის თემები ირანისა და ისრაელის გარდა, უკრაინის დახმარების, კლიმატის ცვლილების და სხვა მნიშვნელოვანი კრიზისების გადაჭრაზე გზების მოძიება იყო.