25 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
"გამჭვირვალობის" კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას შეფასებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოჰყვა - მმართველი გუნდი უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს

"თუ ვინმეს მეორე ფრონტის გახსნა უნდა, აგერ ყავთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და გახსნან მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვან და დაანებონ თავი" - "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ამ განცხადების ადრესატები ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვერც მარგუს ცაჰკნას და ვერც გაბრიელიუს ლანდსბერგისის პოზიციები, ჯანსაღ მიდგომად და საქართველოს მხარდამჭერად ვერ ჩაითვლება.

ესტონელ და ლიეტუველ დიპლომატებს დიპლომატია სახელისუფლებო გუნდმა მათი კონკრეტული ქმედების გამო დაუწუნა. ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მარგუს ცაჰკნამ და გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნეს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ "ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია "უცხოური გავლენის კანონის" გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ კანონი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს". ლიეტუველმა დიპლომატმა კი ვენეციის კომისიას კანონის უკან გაწვევის დასკვნისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ლიდერები ამ რეკომენდაციას გაიზიარებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის უცხოელი დიპლომატების რეაქცია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ლიეტუველი დიპლომატის განცხადებების მიღმა, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.

ოპოზიციისთვის კი, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები, არა შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ მეგობრული რჩევაა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ძლიერი პარტნიორები არიან და მათი დამოკიდებულებები სწორად უნდა იყოს აღქმული.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტნიორებთან მეგობრობა მათთვისაც პრიორიტეტულია, თუმცა როდესაც კრიტიკა ორგანიზებულ სახეს იღებს, მასზე რეაგირება აუცილებელია. სახელისუფლებო ძალისთვის მითითებებითა და დირექტივებით ურთიერთობა მიუღებელია.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი დამტკიცებულია, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პარტნიორების მხრიდან არგუმენტირებული შენიშვნები ამ დრომდე არ მოუსმენიათ.

დღის ამბები