25 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
სად წავიდნენ მელია და გვარამია - პარტია "ახალი" უარყოფს შეხვედრებს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თუმცა არ აკონკრეტებს სად, ვისთან და რა მიზნით იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ლიდერები

სად წავიდნენ მელია და გვარამია - ერთად, დასასვენებლად, ყველაზე მწვავე პოლიტიკური ვნებათაღელვის დროს თუ ახალი დირექტივების მისაღებად?

კვიპროსში არ არიან და არც დავით კეზერაშვილს ხვდებიან. პარტია "ახალი" უარყოფს შეხვედრებს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, თუმცა არ აკონკრეტებს, სად, ვისთან და რა მიზნით იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ მისი ლიდერები.

საკუთარ ადგილსამყოფელზე არც თავად ნიკა მელია საუბრობს, მაგრამ ხაზგასმით გამორიცხავს დავით კეზერაშვილთან კავშირს. ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ახალ სპონსორს ეძებეს.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ, რევოლუციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პარტია "ახალის" ლიდერებმა დასვენება და ახალი სპონსორების მოძებნა გადაწყვიტეს. საუბარია ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას დუბაიში სავარაუდო ვიზიტზე, რომელიც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი.

საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს არც ის გამორიცხეს, რომ მელია-გვარამიას ტანდემი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დავით კეზერაშვილის ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად წავიდა.

"ხალხის ძალის" ვერსიას დღეს სოციალურ ქსელში აბსურდული უწოდა თავად ნიკა მელიამ. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ, მისი აზრით, რაც უფრო შორს იქნება კეზერაშვიილი ქართული პოლიტიკისგან, ქვეყნის მომავლისთვის უკეთესია.

მელიას არაფერი უთქვამს, რა მიზნით დატოვა ქვეყანა გვარამიასთან ერთად. მათ უცხოურ ვოიაჟზე საუბარი არ სურთ არც "ახალის" წევრებს. პარტიაში ვერ უარყოფენ, რომ ლიდერები საქართველოში არ იმყოფებიან. თუმცა, რა მიზნით წავიდნენ ისინი ქვეყნიდან მაშინ, როდესაც თბილისში, თვეზე მეტია, საპროტესტო აქციები იმართება - ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

რა მიზნით დატოვეს "ახალის" ლიდერებმა საქართველო არ იციან კოლეგა ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პოლიტიკური ვითარება ახალ ოპოზიციურ კონფიგურაციებს მოითხოვს, რაც პოლიტიკოსების მხრიდან მეტი აქტიურობის საჭიროებას აჩენს.

მელია, გვარამია და სხვა ყოფილი ნაციონალები იდეურად კვლავ სააკაშვილის პარტიის ორბიტაზე რჩებიან - ასე აფასებს სახელისუფლებო პარტია ოპონენტების ახალ პოლიტიკურ ტაქტიკას. შესაბამისად, მმართველ გუნდში "ახალის" ლიდერების ქმედება არ უკვირთ და არც იმას გამორიცხავენ, რომ წინასაარჩევნოდ ბიულეტინზე საზოგადოებამ კვლავ გაერთიანებული "ნაციონალური მოძრაობა" იხილოს.

რა კონფიგურაციით მივლენ არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიები, ჯერ ცნობილი არ არის - უცნობი რჩება, რა მიზნით გაემგზავრნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ პარტიის "ახალი" ლიდერები.

დღის ამბები