25 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ფასების ვარდნა, ლარის გაუფასურება - ხელისუფლება არასამთავრობო სექტორს საქართველოში ეკონომიკური ვითარების შეცვლაში ადანაშაულებს

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ირინა გურულის მიერ საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი არასტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნა იყო.

"ქართული ოცნების" წევრი, ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" თანამშრომლის, ირინა გურულის მიერ, BBC-ის ბიზნეს პოდკასტისთვის მიცემულ ინტერვიუს გულისხმობს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ირინა გურულის მიერ, საერთაშორისო მედიის საშუალებით, საქართველოზე გავრცელებული დეზინფორმაციის მიზანი, ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნა იყო.

ეკონომიკური პოლიტიკური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, 13 მაისს, BBC-ს ეთერში ისაუბრა თემაზე, დააზიანებს თუ არა ახალი კანონი საქართველოს ეკონომიკას. მმართველ გუნდში ამბობენ, ე.წ. სტენფორდის ჯგუფისა და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ერთობლივი მოქმედების შედეგია ის, რომ 15 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები დავარდა. ეს ყველაფერი, "ქართული ოცნების" თქმით, ხელოვნურად იყო ორგანიზებული.

ამ საკითხზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ვრცლად საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება, შეთქმულების თეორიის გზით, იმ ადამიანების დისკრედიტირებას ცდილობს, რომლებიც მათ პოლიტიკურ გემოვნებაში ვერ ჯდებიან.

მმართველ გუნდში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ევგენიძესაც ახსენებენ. ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებზე ევროპელი პოლიტიკოსების მიყვანა სწორედ მისი ორგანიზებით მოხდა. ეს უკანასკნელი, "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, "სტენფორდის ჯგუფის" ხმაშეწყობით, ქართველი მოსამართლეების სანქცირების პროცესშიც იყო ჩართული.

კონკრეტული ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილი ქაოსის გამო აქციების ვარდნა მოკლევადიანი აღმოჩნდა - აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ, ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის სიმყარეს საფრთხე არ ემუქრება.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ქართული ბანკების აქციების ფასების ცვლილების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია და ამის უკან რეალური ეკონომიკური მიზეზი არ დგას.

 

დღის ამბები