25 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
მსოფლიო ირანის ახალი პრეზიდენტის მოლდინშია - 63 წლის იბრაჰიმ რაისი, რომელიც შესაძლოა აიათოლა ალი ჰამენეის მემკვიდრე და ირანის ახალი სულიერი ლიდერი გამხდარიყო, მკვდარია

19 მაისი, ადგილობრივი დროით 18:00 საათი - სწორედ ამ დროს გაქრა რადარებიდან ვერტმფრენი, რომელსაც აზერბაიჯანიდან ქალაქ თაბრიზის მიმართულებით ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადაჰყავდა. ბორტზე მათთან ერთად კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოები, ძლიერი ნისლის გამო, თითქმის 13 საათი გაგრძელდა. ავიაკატასტროფიდან დაახლოებით 17 საათის შემდეგ კი, ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილამდე მისვლის ნებართვა მისცეს. ამ დროს ამოასვენეს ცხედრები დამწვარი ვერტმფრენიდან.

ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის ოფიციალურად დადასტურებიდან მალევე, თეირანში მთავრობამ საგანგებო სხდომა ჩანიშნა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობას, ამ შემთხვევაში, მოჰამედ მოხბერი შეასრულებს, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომას ხელმძღვანელობდა. მოჰამედ მოხაბერმა, პარლამენტისა და სასამართლო ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად, ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, მაქსიმუმ, 50 დღის განმავლობაში. ეს პროცედურა კი, აიათოლა ალი ხამენეის თანხმობის შემდეგ დაიწყება.

მოხბერიმ, მმართველობის გადაბარებასთან დაკავშირებით, ირანის სულიერი ლიდერისგან თანხმობა მალევე მიიღო. პარალელურად, აიათოლა ალი ხამენეიმ კატასტროფის მიზეზებზეც ისაუბრა. უამინდობა - სწორედ ეს არის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ოფიციალური ვერსია. თუმცა, ირანის ოფიციალური ვერსიის არც ქვეყნის შიგნით სჯერათ და არც - მის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო მედიაში არ გამორიცხავენ, რომ, ირანის სანქცირებული ავიაციის ფონზე, ვერტმფრენის ჩამოვარდნა მის ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია. საკუთარი ვერსია აქვს ირანის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრსაც. ჯავად ზარიფი ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მიზეზად, ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს ასახელებს და ბრალს სწორედ შტატებს სდებს.

რომელიმე ქვეყნის ბრალეულობაზე არ უსაუბრია ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, რომელმაც ქვეყანაში 5-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მისი განცხადებიდან მალევე, ყველა ქალაქის ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მოსახლეობის ნაწილი მოედნებზე შეიკრიბა, ნაწილი - იმამებთან. ისინი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰინის სამგლოვიარო მსვლელობის დროსა და დეტალებს ელოდებიან.

პრეზიდენტი რაისის დაღუპვის შესახებ ცნობები ირანელების ნაწილისთვის ზეიმის საფუძველი გახდა. მისმა მოწინააღმდეგეებმა, ღამით, საზეიმო ფოიერვერკიც კი გაუშვეს. მიზეზი რაისის პოლიტიკა იყო - პრეზიდენტმა, რომელმაც თანამდებობა 2 წლისა და 9 თვის წინ დაიკავა, სიცოცხლეშივე მოახერხა ირანელების ორ ნაწილად გაყოფა. მის სახელს უკავშირდება ახალგაზრდების პროტესტის განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა, რასაც არაერთი ადამიანის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა მოჰყვა.

63 წლის მუსულმანმა სასულიერო პირმა - იბრაჰიმ რაისმა, რომელსაც ბევრი ამჟამინდელი უზენაესი ლიდერის - ალი ხამენეის შესაძლო მემკვიდრედ მიიჩნევდა, პრეზიდენტის პოსტზე ირანის ორგზის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი 2021 წლის აგვისტოდან შეცვალა. ირანის პრეზიდენტობამდე, მას ხანგრძლივი პოლიტიკური რბოლა ჰქონდა - იყო სასამართლო ხელისუფლებაშიც, ხელმძღვანელობდა გენერალურ პროკურატურასაც. ამ პერიოდში, 1988 წელს, პოლიტპატიმრების მასობრივად სიკვდილით დასჯისთვის, კრიტიკოსებისგან ზედმეტსახელი "თეირანის ჯალათიც" მიიღო. სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო იყო რაისი სანქცირებული აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ.

რაისის პრეზიდენტობის პერიოდში ირანმა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გააღრმავა, დასავლეთთან და ისრაელთან კი კონფრონტაცია გააძლიერა. სწორედ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ირანს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დაღუპვის გამო მიუსამძიმრეს. გაცივებული ურთიოერთობების მიუხედავად, თეირანმა სამძიმრის წერილები მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერისგან მიიღო. ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის გამო მწუხარება გამოტქვეს ევროკომისიაშიც. ირანელ ხალხს, ქვეყნის მთავრობასა და სულიერ ლიდერს - აიათოლა ალი ხამენეის მიუსამძიმრა თურქეთის პრეზიდენტმაც. ევროკავშირის სახელით კი, სოციალურ ქსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. ირანელ ხალხს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დღის ამბები