25 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ეს არის არასერიოზულობა, ეს არის ბოიკოტი საკუთარი ამომრჩევლის წინაშე - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ბოიკოტზე

პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტს განაგრძობს. დღეს, ბიუროს სხდომას, ოპოზიციიდან მხოლოდ იაგო ხვიჩია დაესწრო. პოლიტიკური შეხედულებების გამო, სასესიო კვირის სხდომებზე არდასწრების შესახებ სპიკერს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“, “ლელოს“, მოქალაქეების“, “ევრო ოპტიმისტების“, “თავისუფლების“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიმართვები წარედგინა.

შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლების პროტესტს არასერიოზული უწოდა - თქვა, რომ ეს არის ბოიკოტი საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

"რაც შეეხება ბოიკოტს, რომელიც სხვა პარლამენტებში ღირებული პრაქტიკა არ არის, თუმცა ჩვენთან რეგლამენტით არის გათვალისწინებული. რეგლამენტში მითითებულია, რომ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებს ბოიკოტს პარლამენტის წევრი, თუ მთლიანად ფრაქცია. ანუ, რაღაც საკითხია, რომლის განხილვაშიც მას არ სურს მონაწილეობის მიღება. ბოიკოტი, რომ დარბაზში ჯდომა არ მინდა და ჩემ გვერდზე მყოფი ადამიანი არ მომწონს, თვალში ვიღაც არ მომდის და ამიტომ არ მინდა ერთი ჰაერი ვისუნთქოთ - ეს არის არასერიოზულობა. ეს არის საკუთარი საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ის, ვინც სხდომათა დარბაზში არ შემოდის, უარს ეუბნება საკუთარ ამომრჩეველს, რომ მისი მანდატი წარმოადგინოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. პარლამენტი განიხილავს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველასათვის მნიშვნელოვანია ქალაქშიც და სოფლად, ქალისთვის და კაცისთვისაც, იქნება ეს უმრავლესობის ამომრჩეველი თუ ოპოზიციის ამომრჩეველი. ამ საკითხებში მონაწილეობა როდესაც არ სურს, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი რომელიღაცისთვის არ სურს სიკეთე და კარგი გადაწყვეტილებები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც მმართველმა გუნდმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

დღის ამბები