ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის "უცხოური აგენტების" კანონზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას "პოლიტიკო" ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს მაშინ, როდესაც ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან.
გამოცემა წერს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლების და იმ სხვა პირების წინააღმდეგ, რომლებსაც "ეკისრებათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების ძირის გამოთხრის ან დაზიანებისათვის". პოლიტიკოს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს რესპუბლიკელი ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს.
შეფასება გაკეთდა თბილისში. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სანქციების შესახებ კონგრესის გარკვეული წევრების ინიციატივა, დიდი ალბათობით, არ იქნება მიღებული და ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ.
"ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს.
ის ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ, არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ, დაველოდოთ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ,"-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.