სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ფიცო ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას ერთ-ერთ საავადმყოფოში, ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მედიკოსები ამბობენ, რომ მომდევნო 48 საათი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იქნება და აქტიურ თერაპიულ და სამედიცინო პროცედურებს საჭიროებს.
სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრი საკამათო და პოლარიზებული პოლიტიკური და მედია გარემოს მსხვერპლია. სახელისუფლებო ფიგურები ეჭვქვეშ აყენებენ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიებზე, რომლებიც, მათი თქმით, ხშირად დიდ როლს თამაშობენ პოლიტიკურ არეულობასა და რეჟიმის შეცვლის მცდელობაშიც კი. რობერტ ფიცოზე თავდასხმას კი პირდაპირ პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირებენ უკრაინა-რუსეთის ომის საკითხსა და კიევის დახმარებაზე.
სლოვაკეთში, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გაძლიერდა კონტროლი მედია-სივრცეზე. ხელისუფლება მომხდარი ინციდენტის წახალისებაში ბრალს ოპოზიციურ მედიებს სდებს.
სლოვაკეთის პოლიციის გამომძიებლებმა დღეს ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და დოკუმენტები და მტკიცებულებები ამოიღეს.მთავრობის მეთაურზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დღეს ბრატისლავაში მდებარე სპეციალიზებულ სისხლის სამართლის სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის ბრალდებული პირი პატიმრობაში დარჩება. ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, დაკავებულია ბრალდებულის მეუღლეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მწერალი და აქტივისტია.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი