25 ნოემბერი 2024,   09:10
ვრცლად
ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს შეხვდა

ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრები თბილისში - ვიზიტის პირველი გაჩერება მთავრობის ადმინისტრაცია იყო. კანცელარიაში შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 11 საათზე მივიდა. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ხანგრძლივი იყო. 2 საათნახევარი ირაკლი კობახიძე და ჯიმ ო’ბრაიენი სხვადასხვა თემებს განიხილავდნენ. მთავარი, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო.

საუბრისას მხარეებმა ყურადღება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზეც გაამახვილეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კანონის საჭიროების არგუმენტები განუმარტა და მზაობა გამოთქვა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა განიხილოს. ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო"ბრაიენს ისიც უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავება სურს, რაც მისი თქმით, ორმხრივ ძალისხმევასა და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს.

მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ "ქორთიარდ მერიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შესახვედრად გადაინაცვლა. აუდიენცია დახურული იყო, შეხვედრიდან მხოლოდ ფოტო გავრცელდა.

სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჯიმ ო"ბრაიენმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა დაიწყო. მესამე სექტორთან მთავარი, რაზეც ყურადღება გამახვილდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ევროპული პერსპექტივის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მესამე სექტორი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ შტატები კონკრეტულ ზომებს მიმართავს - თუმცა, მეტ კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა.

მესამე სექტორთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა დაიწყო ოპოზიციის ლიდერებთან. თითქმის 1 საათი ჯიმ ო"ბრაიენი და პოლიტიკოსები მიმდინარე პროცესებზე, გამჭვირვალობის შესახებ კანონსა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ შეერთებული შტატები ყველა იმ ზომის განხორციელებას გეგმას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ათონელის რეზიდენციისკენ გაემართა. სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრამ საათ-ნახევარს გასტანა, რის გამოც გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. აუდიენციის დეტალები უცნობია - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობასა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზაობას, რომ კანონთან დაკავშირებით პარტნიორების სამართლებრივ არგუმენტებზე იმსჯელონ, რაც შეეხება სანქციებს, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკითხი არასერიოზულია.

დღის ბოლოს, შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროინტეგრაციისა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა და ბოლო წლებში, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები იყო. განიხილეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონიც. ცნობილია, რომ შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვედრა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთანაც სურდა, თუმცა ამაზე უარი ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა. ჯიმ ო"ბრაიენის ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება.

დღის ამბები