25 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
84 მომხრე 30 წინააღმდეგი - გამჭვირვალობის კანონპროექტის მესამე მოსმენა პარლამენტში დაძაბულ ვითარებასა და ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა

მესამე მოსმენა დილიდან უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში, ფიზიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ურტყამდნენ ქალებიც. რიმა ბერაძის ქაღალდების შეკვრა მოხვდა თავში პაატა მანჯგალაძეს. ერთმანეთს აგინებდნენ ლევან ხაბეიშვილი და დიმიტრი სამხარაძე. ისმოდა ფრაზები: მონები, ლაჩრები, მოღალატეები, თახსირი და ნაძირალა. ჩხუბი პარლამენტში დიდხანს გაგრძელდა, კანონპროექტის მესამე მოსმენა კი მხოლოდ რამდენიმე წამს. ამის შემდეგ კანონი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ვნებათაღელვა გამოიწვია კენჭისყრაზე დააყენეს.

84 მომხრე 30 წინააღმდეგი - ეს შედეგი აისახა საბოლოოდ კენჭისყრის ელექტრონულ დაფაზე. კანონის მიღებას სხდომათა დარბაზში განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. უმრავლესობა გადაწყვეტილებას ტაშით, ოპოზიცია კი შეძახილებით შეხვდა.

საკითხის კენჭისყრას სულ რამდენიმე წუთი, ამ პროცედურამდე მისვლას კი თითქმის სამ საათზე მეტი დრო დასჭირდა. პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ხმის მიცემას წინ უძღოდა, ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა. პირველი ხმაური დარბაზში პაატა მანჯგალაძის რიმა ბერაძის მისამართით გაკეთებულ რეპლიკას მოჰყვა.

სიტყვიერ დაპირისპირებაში უმრავლესობის სხვა წევრებიც ჩაერთნენ.

სხდომაზე ვითარება ლევან ხაბეიშვილის გამოსვლის დროს დაიძაბა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადების ადრესატი "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი სამხარაძე იყო - სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შურაცხყოფა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოყვა.

სიტუაციის განმუხტვას დეპუტატების ნაწილი მანდატურის სამსახურის დახმარებით შეეცადა, თუმცა საბოლოოდ ოპოზიცია და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ.

ამ ინციდენტის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა უმრავლესობის წევრის მიმართ ძალადობაში ამხილა. თუმცა, ბოკუჩავამ სხდომა ისე დატოვა, ბრალდებისთვის არ უპასუხია.

კიდევ ერთხელ სხდომაზე სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როდესაც მიკროფონით ოპოზიციის წევრი ტარიელ ნაკაიძე სარგებლობდა. ნაკაიძეს სიტყვა ალუდა ღუდუშაურმა გააწყვეტინა. ღუდუშაურს მხარი "ხალხის ძალის" და უმრავლესობის სხვა წევრებმაც დაუჭირეს.

ტარიელ ნაკაიძესა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირების შემდეგ ვითარების განმუხტვას დარბაზში რამდენიმე წუთი დასჭირდა. ამის გამო ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარისგან შენიშვნაც მიიღო.

ინციდენტში ამოწურვის შემდეგ მასში მონაწილე უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის მიზნები ძალაუფლების დაბრუნების მცდელობად შეაფასეს და მათ წარსულზე ისაუბრეს.

კიდევ ერთი ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, ბექა ლილუაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

გახარიას გუნდის წევრებისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ვითარების განმუხტვის პარალელურად მანდატურების და დეპუტატების ნაწილი ცდილობდა ვითარება არ დაძაბულიყო ხატია დეკანოიძესა და დაჩი ბერაიას შორის.

ხმაურიანი სხდომისა და სიტუაციის რამდენჯერმე დაძაბვის მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს დარბაზიდან არავინ გაუძევებია. ეს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა მხოლოდ თაკო ჩარკვიანის შემთხვევაში მიიღო, რომელიც მანამდე გაფრთხილებული ყავდა.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა დღეს კანონპროექტის უკან გაწვევა და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა იყო. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი იმ შედეგებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც მათივე თქმით ხელსუფლების ცვლილების შემდეგ შესაძლოა დადგეს. სალომე სამადაშვილს შალვა პაპუაშვილმა გასცა პასუხი.

პარლამენტის სხდომაზე, რომელიც თითქმის 4 საათი გაგრძელდა დეპუტატებმა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის და კანონპროექტის კენჭისყრისთვის გამოიყენეს.

დღის ამბები