ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს და უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე არ უნდა აისახოს - ამ მოწოდებით საქართველოს 38-მა უნივერსიტეტმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
წერილი საქართველოს უნივერსიტეტების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრების სახელით გავრცელდა.
წერილის ხელმომწერი სასწავლებლების რექტორები ამბობენ, რომ ერთობლივი განცხადების გავრცელების მიზანი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება გახდა.
იმ სტუდენტებმა კი, რომლებმაც საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცე პროტესტის გამო დატოვეს, დღეს თბილისის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ლექციებს მხოლოდ გამჭვირვალობის კანონის გაწვევის შემდეგ დაუბრუნდებიან
სტუდენტების ნაწილი სასწავლო პროცესს არც რეგიონებში დაესწრო. ქუთაისსა და თელავში აუდიტორია რამდენიმე ლექტორმაც დატოვა და პროტესტს შეუერთდა.
სტუდენტების კონსტიტუციური უფლების დარღვევად აფასებს განათლების მინისტრი იმ ლექტორების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ლექციების ჩატარებაზე უარი თქვეს. გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ვითარება სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი არ უნდა გახდეს. მინისტრმა ლექტორებს აუდიტორიებში დაბრუნებისკენაც მოუწოდა
სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილმა სასწავლო პროცესს ბოიკოტი დღეს დილიდან გამოუცხადა. რამდენიმე პროფესორმა უნივერსიტეტებიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო.