25 ნოემბერი 2024,   09:12
ვრცლად
ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის, ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის არასწორად ინფორმირებული, გასაოცარი და სამწუხაროა - ჯეიმს ო"ბრაიენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო’ბრაიენმა თბილისში გამართული შეხვედრების შმდეგ შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა, სადაც ისაუბრა როგორც "გამჭვირვალობის" შესახებ დღეს მიღებულ კანონზე, ასევე ამ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტზე. ასევე ო"ბრაიენმა კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მასთან შეხვედრაზე უარის შესახებ.

პასუხი იყო ასეთი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე, ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ჯეიმს ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

"რაც შეეხება კონსპირაციის თეორიებს და იმას, თითქოს გლობალური ომის პარტიას სურს, რომ "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში მიუხედავად მათი 12 წლიანი მმართველობის შემდეგ, ჩემი აზრით ეს არის ნამდვილად ძალიან არარეალისტური, არასწორი და ზოგადად არასწორი გაგება ამ საერთაშორისო საზოგადოების ერთგულების საქართველოს მიმართ.

გაგიზიარებთ ერთ ამბავს, კანონის განხილვებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წინასწარი კავშირი, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრთან, მივიწვიეთ ის ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანონთან დაკავშირებით ასევე შეხვედრები იყო ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და სანამ აქ ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი შეხვედრისა ბატონ ივანიშვილთან და პასუხი იყო ასეთი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის.

ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე არასწორად ინფორმირებული, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა. ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, გარკვეულწილად ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის ვალდებულებაზე მაღლა, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონის შესახებ მსჯელობები და საუბრები მხოლოდ ერთი მიმართულებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან საგულისხმობა და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ჩვენს შორის არსებობს, - აცხადებს ჯეიმს ო"ბრაიენი.

დღის ამბები