25 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის კომიტეტის რეკორდი - 67 წამი მესამე მოსმენისა და კენჭისყრისთვის ოპოზიციის გარეშე

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერისთვის იურიდიულ კომიტეტს მხოლოდ წუთზე მეტი დასჭირდა. სხდომას მარტო უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც კანონპროექტთან დაკავშირებით რედაქციული შენიშვნები არ ჰქონიათ.

ოპოზიციონერი დეპუტატები, კომიტეტზე დასასწრებად, პარლამენტში მივიდნენ, სხდომაზე შესვლამდე კი მედიასთან კომენტარები გააკეთეს, რა დროსაც დარბაზში უკვე კენჭისყრა მიმდინარეობდა. კანონპროექტის მესამე მოსმენა მათ გარეშე დასრულდა, ეს კი ოპოზიციის მხრიდან რეგლამენტის უხეშ დარღვევად შეფასდა. ამბობდნენ, რომ ისინი შენობაში შესვლამდე ხელოვნურად შეაფერხეს.

ოპონენტების განცხადებებს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიცია საკუთარ დაგვიანებას სხვას ვერ გადააბრალებს, მათ შორის, ვერც - პროცედურის დარღვევაზე მითითებით. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ სწორედ რეგლამენტი განსაზღვრავს მესამე მოსმენის სტანდარტს. ეს კი მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შენიშვნების განხილვას ითვალისწინებს, რაც, როგორც წესი, ხანმოკლე პროცედურაა. ამის არგუმენტად უმრავლესობა კონკრეტულ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც მესამე მოსმენით საკითხის განხილვას ძირითადად რამდენიმე წუთი სჭირდება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მესამე მოსმენით საკითხების განხილვის პრაქტიკის მიუხედავად, დღევანდელი კომიტეტი "წარმოუდგენლად მოკლე დროში" დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ მიზეზით ისინი პარლამენტში შესვლამდე მიზანმიმართულად შეაყოვნეს.

"ქართული ოცნება" ოპონენტებს ურჩევს, შეცდომები აღიარონ და რეგლამენტის პროცედურებს კარგად გაეცნონ. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ განვითარებულ მოვლენებში მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტმა იურიდიული კომიტეტის მხარდაჭერა მესამე მოსმენითაც მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ხვალ, საბოლოო მოსმენით დასამტკიცებლად, უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.

დღის ამბები