25 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გზავნილების მოლოდინი - რა პაკეტით ჩამოდის ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში რამდენიმე საათში უნდა ჩამოვიდეს. ჯეიმს ო’ბრაიენი ამერიკული სანქციების დაწესების მთავარი კოორდინატორიც არის, ამიტომ ყველა ელოდება, რა პაკეტით ჩამოდის ბლინკენის წარმომადგენელი საქართველოში.

მმართველი პარტია ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. საუბარია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ ბიძინა ივანიშვილთან, სავარაუდოდ, კონკრეტული სანქციების პაკეტით შეხვედრაზე, რასაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის მხრიდან სადავო კანონპროექტის გადახედვა უნდა მოჰყვეს.

სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს ახსენებს, რომ ივანიშვილს, ფაქტობრივი სანქციების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რომ საქართველოში სანქციების პაკეტით ჩამოვა, ამაში ოპოზიციის დიდი ნაწილი დარწმუნებულია. ხელისუფლების ოპონენტები დასავლეთისგან, მმართველი პარტიის დამფუძნებლის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პერსონალურ დასანქცირებასაც ითხოვენ.

წინასწარი პროგნოზების გაკეთებას ერიდება საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი. გახარიას გუნდში ო’ბრაიენის ვიზიტსა და პარტნიორების ჩართულობას, სადავო კანონპროექტის გაწვევის საქმეში, მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანს შეუძლია, პროცესებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს.

სანქციებით მუქარა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ მუშაობს - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია ლობისტების მიერ დასახულ ამოცანებს ვერ აღწევს. შესაბამისად, ახლა მათი ერთადერთი იმედი მხოლოდ თეორიულ სანქციებზე საუბარია.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისში, უკვე რამდენიმე კვირაა, აქციები იმართება. საკანონმდებლო ორგანო სადავო კანონპროექტს, მესამე მოსმენით, კენჭს, სავარაუდოდ, ხვალ უყრის.

 

დღის ამბები