25 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"ო"ბრაიენის ჩამოსვლა და სანქციები უმნიშვნელოვანესია"  - როგორ აფასებენ ოპოზიციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, რომელსაც რამდენიმე საათში თბილისში ელოდებიან, ოპოზიციაში აფასებენ. მათი თქმით, ასეთ ვითარებაში მაღალი რანგის ვიზიტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯეიმს ო’ბრაიენი ხვალიდან შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების კონკრეტული პაკეტით ჩამოდის, რის საპასუხოდაც "ქართული ოცნება" სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციებს გადახედავს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანქციები უნდა შეეხოს როგორც ივანიშვილს, ასევე "ქართული ოცნების" წევრებს და იმ 83 დეპუტატს, რომელიც კანონს მხარს უჭერს.

"ო"ბრაიენის ჩამოსვლა და სანქციები უმნიშვნელოვანესია. საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანას არ უნდა შეეხოს არაფერი, უნდა შეეხოთ მათ, უნდა შეეხოს "ქართულ ოცნებას", ივანიშვილს და ამ 83 დეპუტატს," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ო’ბრაიენის ვიზიტი ისეთ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველოა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ვიზიტი ასეთ რთულ ვითარებაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეებისათვის. უნდა დაველოდოთ. ნებისმიერი მაღალი დონის ვიზიტი არის ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი. რადგან ეს ნიშნავს პარტნიორების გვერდში დგომას", - აცხადებს ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, ო’ბრაიენის ვიზიტი, რომელიც არის სანქციების კოორდინატორი, იქნება დიალოგის ბოლო შესაძლებლობა შეერთებული შტატების მხრიდან.

"ამ დიალოგის ფარგლებში, მე ვფიქრობ, ნათლად წარმოაჩენს, რა შედეგები მოჰყვება უშუალოდ "ქართული ოცნებისთვის" სანქციების სახით და რა შედეგები მოჰყვება ამას ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

დღის ამბები