25 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
როცა ვინმეს უნდა გაუმჭვირვალე დარჩეს "ენჯეოების" დაფინანსება, ეს გვიჩენს შიშს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სუვერენიტეტს, მით უმეტეს, წლების განმავლობაში გაუმჭვირვალობა გამოყენებულ იქნა ხელისუფლების არჩევნების გარეშე შესაცვლელად - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შენიშვნები, თუ კონკრეტული შენიშვნები არ იქნება და იქნება ზოგადი განცხადებები და მით უმეტეს, ასეთი ცრუ განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენ სამწუხარო დასკვნებს გამოვიტანთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ვერ შეარყევს ჩვენს ურთიერთობებს აშშ-თან", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე, "რუსთავი2-ის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკას ეხებოდა.

კობახიძის თქმით, "პარტნიორები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებენ ხელისუფლების ინიციატივას, ეს, რა თქმა უნდა, აღრმავებს ჩვენს შიშებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ვინმეს გააგრძელოს კელი დეგნანის გზა".

"ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქვას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ზოგად განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ კანონში რა არ მოსწონთ, ამას რამდენი ხანია ვერ გვეუბნებიან და გვესმის უამრავი განცხადება, რომელიც სინამდვილეში არის სიცრუე.

ჩვენ გვაშფოთებს ეს ყველაფერი, როდესაც ვინმეს უნდა, რომ გაუმჭვირვალე დარჩეს "ენჯეო"-ების დაფინანსება, ჩვენ ეს გვიჩენს შიშებს, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სუვერენიტეტს. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში გაუმჭვირვალობა გამოყენებულ იქნა ქვეყანაში ხელისუფლების არჩევნების გარეშე შესაცვლელად. ამის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო გაუმჭვირვალობა. ამ პირობებში, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებენ ხელისუფლების ინიციატივას, ეს, რა თქმა უნდა, აღრმავებს ჩვენს შიშებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უნდა ვინმეს გააგრძელოს კელი დეგნანის გზა. ამიტომ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შენიშვნები, თუ კონკრეტული შენიშვნები არ იქნება და იქნება ზოგადი განცხადებები და მით უმეტეს, ასეთი ცრუ განცხადებები, ამ შემთხვევაში ჩვენ სამწუხარო დასკვნებს გამოვიტანთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ვერ შეარყევს ჩვენს ურთიერთობებს აშშ-თან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები