25 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
დაკავებული დემონსტრანტების საქმე - 6 პირიდან ერთი, წარდგენილ ბრალს საჯაროდ დაეთანხმა

საპროტესტო აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ექვსივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთი რუსეთის მოქალაქეა.

დავით კოლდარმა აღიარა, რომ ჩიტაძის ქუჩაზე პოლიციელის ავტომობილი დააზიანა. ის ერთადერთია აქციის იმ 6 მონაწილეს შორის, რომელიც წარდგენილ ბრალს საჯაროდ დაეთანხმა. ახალგაზრდა მამაკაცმა მოსამართლეს დანაშაულის მიზეზიც განუმარტა და თქვა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, თუმცა, რას გულისხმობდა, ბრალდებულმა არ თქვა. მოგვიანებით კი მიზეზი საქმის პროკურორმა ნაწილობრივ განმარტა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ დავით კოლდარმა დანაშაულის ჩადენის სანაცვლოდ თანხა აიღო.

დავით კოლდარი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი მისი 5 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლომ მკაცრი აღკვეთი ღონისძიება გამოიყენა გიორგი კუჭაშვილის მიმართაც. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა, 16 აპრილს, ერთ-ერთ სპეცრაზმელს ბლაგვი საგანი ესროლა. თავის არეში მიყენებული დაზიანების გამო, პოლიციელს ოპერაციაც ჩაუტარდა. სამართალდამცველზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს, პროცესზე არაფერი უთქვამს და დუმილის უფლება გამოიყენა.

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დანარჩენ 4 ბრალდებულზეც გამოაცხადა და ყველა პატიმრობაში დატოვა. ვაჟა დურგლიშვილი, გიორგი შანიძე და რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგი, პოლიციამ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანებისთვის აიყვანა. ფრიდონ ბუბუტეიშვილის წინააღმდეგ კი გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუბუტეიშივლმა მძიმე საგანი, პარლამენტის შიდა ეზოში მდგარ მეხანძრე-მაშველს ესროლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, სახის არეში დაზიანებები მიღო.

ბრალდებულებს სასამართლო სხდომაზე სიტყვით არ უსარგებლიათ. მათ დუმილის უფლება გამოიყენეს.

გამოძიების ინფორმაციით, ექვსი პირი კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, საქმეში, ჩადენილი დანაშაულის ამსახველი კადრებიც დევს.

კადრები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებმა დააზიანეს სამეთვალყურეო კამერები, ქუჩის ინფრასტრუქტურა, სამინისტროს ავტომობილები, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს პოლიციელებს და ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას.

საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ რომ დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს. გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობის, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდების ფაქტებზეც მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკური ლიდერებს გამოკითხავენ.

დღის ამბები