25 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
"ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს" - ირაკლი კობახიძის ღია წერილი, სადაც პრემიერი ბოლო  დროის მოვლენებს და 4 წლის პოლიტიკურ ქრონოლოგიას აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 4 წლის მოვლენების ქრონოლოგია, ერთ და ვრცელ წერილში გააერთიანა. "ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს" - ასე დასათაურდა მიმართვა, საუბარი კი სწორედ იმ საპროტესტო აქციების შეფასებით დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირაა იმართება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პროტესტში გულწრფელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ, თუმცა გზავნილები ძირითადად არაგულწრფელ ახალგაზრდებს ეხება. ირაკლი კობახიძემ წერილის პირველივე აბზაცში დაასახელა პარტიები, რომლებიც მისი თქმით, სწორედ ახალგაზრდების ნაწილის უკან დგანან.

პრემიერის წერილის შინაარსს, მმართველი ძალა სრულად იზიარებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია იმ კავშირების დამალვა, რაც აქციის მონაწილეების კონკრეტულ ჯგუფებსა და ოპოზიციას შორის არსებობს.

ახალგაზრდების ნაწილის მხრიდან პარტიულ ინტერესზე საუბარი, ურთიერთბრალდებების მორიგი მიზეზი გახდა. ხელისუფლების ბრალდებების ადრესატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი პროტესტის სრულად პოლიტიზებას ცდილობს.

პრემიერის ღია წერილში საუბარია იმაზეც, თუ როგორ შეიძლება იდეოლოგიის საფარქვეშ საზოგადოების კონკრეტულ ნაწილზე ზეგავლენა მოახდინო. ამის მაგალითად კი, ბოლშევიკური მიდგომა მოჰყავს. ვრცელ მიმართვაში ასევე ვრცლადაა განხილული სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერის საკითხიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ, პარტიამ კვლევა ჩაატარა და ამომრჩევლის მხარდაჭერა გაზომა, მათ შორის ინტელექტის დონის მიხედვით. პრემიერი, ერთ კონკრეტულ ახალგაზრდაზე საუბრით, სათქმელს აზოგადებს. ღია წერილი კი ევროკავშირის წევრობაზე საუბრით სრულდება და ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ღირსებით გახდება ევროპული კავშირის წევრი.

ღია წერილში გიგლა ბერბიჭაშვილის სახელის ხსენებას, მალევე მოჰყვა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის სტატუსი. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშანი მიუღებელია. საპარლამენტო უმრავლესობაში, პრეზიდენტის პოზიციაში მიზანმიმართულ ქმედებებს ხედავენ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც პრემიერმა ღია წერილში აქცენტი გააკეთა. ირაკლი კობახიძე იხსენებს 2022 წლის მოვლენებს და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის პარალელურად, მთავრობას კონკრეტული ძალები, უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოუწოდებდნენ, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება იქნებოდა. პრემიერ-მინისტრი საუბრობს იმაზეც, რომ საზოგადოების ნაწილისთვის რუსეთი ოკუპანტი არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა, მანამდე კი კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთში კონცერტებსაც მართავდნენ.

 

დღის ამბები