25 ნოემბერი 2024,   09:09
ვრცლად
ფარული ჩანაწერების ახალი სერია და უცხოელი ტრენერი, რომელიც აქციების დაფინანსების უსაფრთხო ვარიანტებზე საუბრობს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პროტესტის დაფინანსების წყაროებსა და მეთოდებს ეხება აუდიოჩანაწერი, რომელიც დღის ბოლოს გავრცელდა. სააგენტო For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, სავარაუდოდ, უცხოელი ტრენერი ფიგურირებს. ის დაინტერესებულ პირებს იმ სქემას უხსნის, რომელიც პროტესტის ფარულად დონაციის შესაძლებლობას იძლევა. აუდიომასალაში მოსაუბრე ალექსი ლიდ არის წარმოდგენილი. ის აქციების ბიტკოინის საშუალებით დაფინანსების უპირატესობებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი მეთოდი უკრაინაში ”მაიდნის” მოვლენების დროსაა აპრობირებული.

2 დღის განმავლობაში გამოქვეყნებული ჩანაწერების შინაარსი მხოლოდ პროტესტის დაფინანსების გზებს არ ეხება. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საუბრების შინაარსი მათ გეგმებსაც მოიცავს. ზოგიერთ ჩანაწერში სავარაუდო ფიგურანტების მხრიდან გაისმა ისიც, რომ პოლიციელებზე აქციის მონაწილეებმა ფიზიკურად იძალადეს. მასალების მიხედვით, მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა ქალაქის პარალიზების აუცილებლობაზე - სტრატეგიულად სად იყო სასურველი გზების გადაკეტვა, რამდენად მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა და რომ პროტესტის ნაწილია დაკავებებიც, მათ შორის - მძიმე დაზიანებების მიღებაც.

გამოქვეყნებულ მასალები რომ შესაბამისი უწყებების მოკვლევის საგანია, ამაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება კანონდარღვევა - აუდიო ჩანაწერებით უკვე გამოძიება დაინტერესდება.

გავრცელებულ ჩანაწერებში არაერთი მასალა გამოქვეყნდა, სადაც, სავარაუდოდ, "ახალის" ლიდერები ფიგურირებენ. ერთ-ერთ აუდიომასალაში საუბარი სარწმუნოებასა და პატრიარქზეა.

უკანონო მიყურადება და მონტაჟი - ასეთია ნიკა მელიას პასუხი, ნიკა გვარამია კი ავთენტურობას არ ადასტურებს და მასალებს ფაბრიკაციას უწოდებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში გვარამიას ეკლესიისა და პატრიარქისადმი დამოკიდებულება არ უკვირთ. ამბობენ, რომ ამ საკითხებზე მისი პოზიციები წარსულშიც ახსოვთ.

პროცესების ესკალაციაა სახელისუფლებო პარტიისთვის ის აუდიოჩანაწერიც, რომელიც, ამ შემთხვევაში, ზურა ჯაფარიძის მონაწილეობით გამოქვეყნდა. ჯაფარიძე ერთ-ერთ მასალაში საუბრობს მომიტინგეების დიდი რაოდენობის აუცილებლობაზე, რაც, მისივე თქმით, შესაძლებლობა იქნება სხვადასხვა გზებით სახელმწიფო უწყებებში შესვლის. აუდიოჩანაწერის ფიგურანტი შინაარს ადასტურებს და ამბობს, რომ იმავე აზრზეა და გავრცელებული დიალოგი, დაახლოებით, 2 წლის წინ შედგა.

გავრცელებული ჩანაწერების შინაარსი სახელისუფლებო ძალისთვის ოპოზიციის რადიკალიზმზე მიუთითებს. "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ის კანონს არ უნდა გასცდეს.

ჩანაწერებს, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების საუბრებს ასახავს, საინფორმაციო სააგენტო For.ge აქვეყნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები