25 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
FOR.GE-ს მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები - ვის სურს პროტესტის ძალადობრივ მეთოდებში გადაყვანა და როგორ ორგანიზდება რადიკალური აქციები

მმართველი პარტია იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს, რომელიც დღეს გავრცელდა და სადაც პირდაპირ არის საუბარი, თუ რა ფორმებით შეიძლება აქციებმა უფრო რადიკალური სახე მიიღოს.

ვის რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს - სწორედ ამას ეხება ის ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო FOR.GE-მ გამოაქვეყნა. მასალაში აქტივისტები ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალიშვილი ფიგურირებენ. საუბარი რომ რეალურად იყო ამას ორივე ფიგურანტი ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა ამბობენ, რომ შეხვედრა ღია ფორმატში, "ზუმში" ჩატარდა.

შეხვედრას, რომელიც "ზუმში" გაიმართა რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათი ნაწილი დღეს ვერ იხსენებს, ვერც ფერაძის და ვერც ფირცხალიშვილის საუბრის შინაარსს. ლაშა ფირცხალაიშვილმა დამატებით განმარტებას დღეს თავი აარიდა.

სამოქალაქო აქტივისტების გარდა, საინფორმაციო სააგენტოს მიერ პოლიტიკოსების სავარაუდო ჩანაწერებიც გავრცელდა. ერთ-ერთ ასეთ მასალაში, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გიორგი ონიანი და აკო მინაშვილი კიდევ ერთ უცნობ პირთან ერთად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დამუშავდეს გეგმა და პიკეტირებები. გავრცელებულ მასალაში ისმის ისიც, რომ მაგალითად შარშანდელ აქციებზე პოლიციაზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას მომიტინგეები ახდენდნენ.

სააგენტო FOR.GE-ს მიერ, ასევე გავრცელდა სავარაუდოდ ზურა "გირჩსა" და ორ უცნობ პირს შორის დიალოგიც. ისინი პროტესტის ფორმებს და რესურსის სხვადასხვა უწყებებზე განაწილებას განიხილავენ. ტელეკამერებთან გამოჩენა არც ზურა ჯაფარიძემ ისურვა, თუმცა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ საუბარი, რომელიც გამოქვეყნდა დაახლოებით 2 წლის წინ დედაენის ბაღში არაერთ ადამიანთან საუბრის დროს არის ჩაწერილი.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის, ფარული ჩანაწერების გავრცელება, ბრძოლის მიუღებელი მეთოდია. ხელისუფლების ოპონენტები შინაარსში არ შედიან და ამბობენ, რომ პირველ რიგში ამ მასალების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.

ავთენტურობის დადასტურებას, საპარლამენტო უმრავლესობისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამბობენ, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის დამოკიდებულება, ვითარების დაძაბვაა და ეს მათ საჯარო განცხადებებშიც ჩანს.

საინფორმაციო სააგენტო "ფორ ჯიმ" კიდევ ორი ფარული ჩანაწერი გვიან ღამით გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, სავარაუდოდ, ოპოზიციის ლიდერის ნიკა გვარამიას, აკაკი მინაშვილსა და ნიკა ფარულავას საუბარია ასახული. ამ შემთხვევაში ისინი საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე ლაპარაკობენ, ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფაც. ”აუდიო ფალსიფიკაცია"  ასე შეაფასა სოციალურ ქსელებში ნიკა გვარამიამ გავრცელებული მასალა. 

სავარაუდოდ ”ახლის” წევრების მონაწილეობით გამოქვეყნდა კიდევ ერთი ჩანაწერი. ამ შემთხვევაშიც ფიგურანტები მინაშვილი და ფარულავა არიან. გავრცელებული აუდიო მასალაში ისმის, რომ ისინი უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამენ, რომ საფეხბურთო ნაკრების წევრები და უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელია არ აქტიურობს. 

მმართველ ძალას ოპონენტების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულებები არ უკვირს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი მათთვის მიუღებელი პირების მორალური ტერორია.

სააგენტო "ფორ ჯის" მიერ საბოლოოდ 6 ფარული ჩანაწერი გავრცელდა, თუმცა მათი უმრავლესობის ავთენტურობა თავად ფიგურანტების მიერ დადასტურებული არ არის.

 

დღის ამბები