50-ზე მეტი რაკეტა და 20 დრონი უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით - მასშტაბური შეტევა გამთენიისას მოხდა. საჰაერო თავდასხმის განგაში, კიევში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს დასახლებულ პუნქტებზე, რის შედეგადაც, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ოკუპანტების მთავარი სამიზნე ისევ ენერგო-ობიექტები იყო. დაიბომბა ელექტროენერგიის გენერირებისა და გადაცემის ობიექტები 6 რეგიონში. ენერგეტიკოსები, სერიოზულად დაზიანებული დანადგარების აღსადგენად მუშაობენ. ოკუპანტებმა, ასევე სამ თერმულ ელექტროსადგურს შეუტიეს და დააზიანეს დაწესებულებებში არსებული მოწყობილობები. ბოლო თვეებში, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემას ერთ მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა. ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა 200 000 ადამიანი. იერიშები იყო ავდეევკის მიმართულებითაც, სადაც ოკუპანტების თავდასხმას ორი ქართველი მებრძოლი, დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე ემსხვერპლა.
მასშტაბური იერიში დაემთხვა პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმის მცდელობის აღკვეთას. უკრაინის პრეზიდენტის მძევლად აყვანა და ლიკვიდაცია - ეს გეგმა ჰქონდა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. უკრაინის დაზვერვამ, "ეფ ეს ბეს" აგენტების ქსელი გამოავლინა. გეგმის მიხედვით, ზელენსკის გარდა, სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობებიც იგეგმებოდა. მიზანი უკრაინის უშიშროების სამსახურში ზელენსკისთან დაახლოებული პირების გადაბირება იყო. მათ ევალებოდათ პრეზიდენტის დაკავება და შემდეგ მოკვლა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ტერაქტი პუტინის ინაუგურაციისთვის საჩუქარი უნდა ყოფილიყო.
ოპერაციის ფარგლებში, დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის პირად უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის მიზანს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილი მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვისა და სხვა ოფიციალური პირების ლიკვიდაცია წარმოადგენდა. დაგეგმილი იყო სარაკეტო დარტყმა იმ შენობაზე, სადაც ბუდანოვი იქნებოდა. ეს პრეზიდენტ ზელენსკის და მისი გარემოცვის წევრების მკვლელობის პირველი მცდელობა არ არის. მხოლოდ 2022 წელს, რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაცია 10- ჯერ სცადა.