25 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მოძალადეთა მხილებისთვის მმართველი პარტია მონაცემთა ბაზას ქმნის - როგორია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება

მმართველი პარტია, იმ პირების მონაცემთა ბაზას ქმნის, რომლებიც, მათი შეფასებით, კანონსაწინააღმდეგო პროცესებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართული. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, დღეს, შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის პრაქტიკამ, ბოლო პერიოდში ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პაპუაშვილი ამბობს, რომ ე.წ. მორალური ტერორი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

მმართველი პარტიის განცხადებას ბრიფინგიდან მალევე ოპონენტების კრიტიკა მოჰყვა. სპეციალური ბაზის შექმნის იდეამ ოპოზიციის ნაწილს მათივე კოლეგების ინიციატივაც გაახსენა.

ჯაფარიძე-ხოშტარიას პლატფორმასთან მსგავსებას ვერ ხედავს მათი ყოფილი პარტნიორი. გიორგი ვაშაძემ, დღეს, "ოცნების" სპეციალურ სიაში ყოფნის სურვილიც გამოთქვა. მმართველი პარტიის ინიციატივა მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისთვისაც.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მათი ინიციატივა განსხვავებულ აზრს არ ბლოკავს. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, საჯარო ძალადობას საჯარო მხილება სჭირდება და გამჭვირვალობა ამ პროცესშიც აუცილებელია. განმარტავენ, რომ სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

როდის შეიქმნება მონაცემთა ბაზა, ეს მმართველ პარტიაში დღეს არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა თქვეს, რომ ინფორმაცია ძალადობრივ პროცესებში მონაწილე პირების შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

დღის ამბები