25 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი მმართველის მეხუთე ინაუგურაცია - დღეიდან, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის სავარძელი 6 წლით დაიკავა 

მეხუთედ ნათქვამი ფიცით, პუტინი რუსეთს ერთგულებას ჰპირდება. ერთგულებასთან ერთად კი უფლებების, თავისუფლებების და კონსტიტუციის დაცვას, რომელიც გასული 24 წელიც პირადად მას ებარა. დღევანდელ რუსეთში, სადაც მოქალაქეები ომსაც კი ვერ არქმევენ თავის სახელს და მძიმე ცენზურის ქვეშ უწევთ ცხოვრება, პუტინი პრეზიდენტობის მე-5 ვადის ათვლას იწყებს. საინაუგურაციო ტექსტი ბოლო ხისტ გამოსვლებს არ ჰგავდა და შედარებით რბილი აქცენტებით გამოირჩეოდა.

კრემლს დასავლელი მეგობრები მართლაც შემოაკლდა, საკუთარი წარმომადგენლები მოსკოვში მხოლოდ უნგრეთმა, სლოვაკეთმა, საბერძნეთმა,მალტამ და კვიპროსმა გაგზავნეს. უარი არ უთქვამს პარიზს, რუსეთთან საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების მიზნით - ანდრეევსკის დარბაზში მაკრონმა საკუთარი ელჩი გაგზავნა. აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა საკუთარი ადგილი კრემლის მიღებაზე ვერ დაინახა, რადგან რუსული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ, ისევე როგორც თავად პუტინსა და მის მთავრობას. პუტინის მთავრობას ამ წუთას სრულად არც კონსტიტუცია ცნობს, მომდევნო კვირამდე გუნდი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება. უცნობია დანიშნავს თუ არა პუტინი გუნდში ახალ წევრებს. ძველი მეგობრები მას გზას ულოცავენ და ღმერთის სახელით ინდულგენციას ჰპირდებიან.

ვიდრე პუტინი საინაუგურაციო მესიჯებს თვალს გადაავლებდა და კრემლის გრძელ დერეფნებში მშვიდად შეუდგებოდა სურათების დათვალიერებას, გაცილებით მძიმე სურათი დახატა რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნების ჩატარების ბრძანება გასცა, საუბარია არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნაზე. ეს ნაბიჯი კრემლმა 3 მიზეზით ახსნა: 1. მაკრონის განცხადებაა, უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით. 2. იგივე შინაარსის განცხადებები აშშ-ის სენატიდან. 3. დევიდ კემერონის სულ ბოლო განცხადებაა, რომლითაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უკრაინას "უფლება აქვს", დარტყმები რუსეთის ტერიტორიის შიგნით ბრიტანეთში წარმოებული იარაღით განახორციელოს. ამ განცხადებების გამო ფრანგი და ბრიტანელი ელჩები ლავროვის უწყებაშიც კი იყვნენ დაბარებული.

მორიგი ბირთვული საფრთხე დასავლეთს რუსეთისგან არ გაჰკვირვებია, ეს უკვე ნანახიც აქვთ და შესაბამისად მათი გეგმა იგივე რჩება. ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადება და უკრაინის მაქსიმალური გაძლიერება, მათ შორის რუსული ფულით უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის გზით.

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი 2023 წლის გაზაფხულზე ერთხელ უკვე დაიმუქრა, თუმცა ამ ნაბიჯს დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ შეუსუსტებია. დასავლეთში იციან, რომ ტაქტიკური ბირთვული ბომბის ან რაკეტის გამოყენებით რუსეთს სამიზნისთვის მხოლოდ შეზღუდული ზიანის მიყენება შეუძლია და გაცილებით დიდ ზიანს თავად კრემლს მოუტანს, რადგან ამ ნაბიჯით პუტინი რისკავს ის პარტნიორების დაკარგვას, რომლებიც გლობუსის აღმოსავლეთით იპოვა.

დღის ამბები