25 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აპრილსა და მაისში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მათ შორის, საუბარია ლევან ხაბეიშვილის ეპიზოდზე. მასში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსთან სატელეფონო კომუნიკაცია განხორციელდა, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.

"ლევან ხაბეიშვილთან დაუყოვნებლივ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია მისი გამოკითხვის მიზნით, თუმცა მან გამომძიებლის სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ 3 მაისს, ლევან ხაბეიშვილს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჩაბარდა უწყება საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის მიზნით დაბარებასთან დაკავშირებით, რაზედაც უწყებას პასუხი არ მიუღია. გამოძიების ეტაპზე დათვალიერდა ის ლოკაცია, სადაც ადგილი ჰქონდა სპეცრაზმელებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ინციდენტს, იდენტიფიცირებული იქნა შემთხვევის ადგილზე განთავსებული გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა საქართველოს ეროვნული გალერეისა და მის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე;

სამედიცინო კლინიკაში გაგზავნილი იქნა წერილი ლევან ხაბეიშვილის სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემდგომში ამოღების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ასევე მოთხოვნილი იქნა სამედიცინო კლინიკის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება, შემდგომში გამოთხოვის მიზნით;

შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა წერილი ლევან ხაბეიშვილთან შემხებლობაში მყოფი სამართალდამცავთა ვინაობის თაობაზე;

სხვადასხვა მედიასაშუალებიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ლევან ხაბეიშვილისა და სპეცრაზმის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის მიზნით, მათ შორის დაუმუშავებელი ვიდეომასალის.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

 

დღის ამბები