ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობამ 83 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაკარგულია 100-ზე მეტი ადამიანი. წყალდიდობამ შტატის რამდენიმე რეგიონში გზები და ხიდები გაანადგურა. დატბორილია ქუჩები.
ამ დრომდე, ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონში, მოსახლეობა საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. შექმნილი სიტუაციის გამო, საჭირო გახდა 115 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესებიც გამოიწვია. გაირღვა ელექტროსადგურის კაშხალი. დატბორილია რიო გრანდე დუ სოლის შტატის დედაქალაქი - პორტო ალეგრე. გაურკვეველი ვადით შეჩერდა აეროპორტის მუშაობაც.
სტიქიის ზონაში ბრაზილიის პრეზიდენტი ჩავიდა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამაშველო სამუშოების მიმდინარეობის პროცესი განიხილა. სამაშველო პროცესში მონაწილეობენ მოხალისეებიც.
ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. სინოპტიკოსები რეგიონში წვიმას კიდევ პროგნოზირებენ, რის გამოც ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ის დასახლებები, რომლებიც სახიფათო ზონებში მდებარეობს. წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 500 ქალაქის, დაახლოებით, ორ მესამედს მიაყენა ზიანი.
ავტორი: მარიამ იობიძე