სვანეთის ტრაგედიის ერთი მსხვერპლი ნაპოვნია - მაშველებმა, უწყვეტი ძებნის მეოთხე დღეს, 16 წლის ეკა ვიბლიანის ცხედარი მდინარე ენგურის შესართავთან იპოვეს. მე-12 კლასის მოსწავლე ბიძამ ამოიცნო.
სპეცაღჭურვილობითა და მძიმე ტექნიკის დახმარებით, მაშველები ახლა ავტომობილში მყოფ კიდევ ორ ახალგაზრდას ეძებენ. არეალი გაფართოვდა, თუმცა მაშველებს, რთულ გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ახლა ამინდიც უშლით ხელს. ამის მიუხედავად, ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მდინარე ნაკრასა და ენგურის ხეობაში ამ დრომდე გრძელდება.
სპეციალური აღჭურვილობებით და მძიმე ტექნიკის დახმარებით, მდინარე ნაკრას ხეობაში სამძებრო სამუშაოები მე-5 დღეა გრძელდება. მაშველები ადგილობრივებთან ერთად გიორგი ვიბლიანსა და საბა გვარმიანს ეძებენ. ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, 2 მაისს, გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მანქანა მალევე იპოვეს, თუმცა მოზარდები მასში აღარ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, ისინი მდინარის სწრაფმა დინებამ გაიტაცა.
საძიებო არეალი დღითიდღე იზრდება. მაშველები, მდინარე ნაკრას გარდა, უკვე ენგურთანაც არიან მობილიზებულები. დაკარგული მოსწავლეების ნივთებს თითქმის ყოველდღიურად პოულობენ. ნახულობენ იმ ავტომობილის ნაწილებსაც, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან სოფელში მიდიოდნენ.
გიორგი ვიბლიანთან და საბა გვარმიანთან ერთად, ავტომობილში 16 წლის გოგოც იმყოფებოდა. ეკა ვიბლიანის ცხედარი მაშველებმა შემთხვევის ადგილთან ახლოს, გუშინ იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე ბიძამ ამოიცნო, რომელიც სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ტრაგედიის პირველივე დღიდან იყო ჩართული.
სამძებრო სამაშველო ოპერაციას ნაკრას ხეობაში რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებს. ხეობაში წვიმს და ხილვადობა დაბალია. მაშველებთან ერთად, დაკარგულებს დრონითაც ეძებენ.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთის ნათესავები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მაისობის დღესასწაულიდან შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტომობილი გზაზე მოცურდა და მდინარე ნაკრაში ჩავარდა.