ძველი, აგურის სახლები, ვიწრო ქუჩები, მანქანებით და ხალხით გადატვირთული მოძრაობა - ეს ბეთლემია - ქალაქი, სადაც იესო დაიბადა.
ისტორიულად, ეს არაბი ქრისტიანების ქალაქი იყო. თუმცა დღეს, ბეთლემში უმრავლესობა მუსლიმია.
ამ ქალაქს განსაკუთრებულს ერთი ადგილი ხდის - შობის ტაძარი. ადგილი, სადაც 21 საუკუნის წინ, იესო ქრისტე იშვა.
ქრისტესშობის ტაძარი მეოთხე საუკუნეში აშენდა. 21 საუკუნის წინანდელი სიწმინდეები აქ დღემდე შემორჩენილია. მიწისქვეშა ტაძარი წმინდა ელენეს დროიდანაა. ქრისტეს შობის ადგილი, იატაკზე, ვერცხლის ვარსკვლავით არის აღნიშნული.
ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში, ყოველწლიურად სავედრებელ პარაკლისს ქართველი სასულიერო პირები აღავლენენ. აქ ქართული ლოცვის ხმა ისმის.
შობის ტაძარს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. განსაკუთრებული ხალხმრავლობაა შობისა და აღდგომის პერიოდში. აქ ზიარება მორწმუნეების დიდი სურვილია. განსაკუთრებით კი აღდგომის კვირას, მაშინ, როცა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა.
გალილეა, ნაზარეთი - ქალაქი, რომელიც ქრისტესშობის ადგილიდან – ბეთლემიდან 150 კილომეტრით არის დაშორებული. იესო ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა. სწორედ ამიტომ, ნაზარეთი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია.
ნაზარეთში ქრისტიანებისთვის ბევრი წმინდა ადგილია, რომელიც იესოს უკავშირდება. ერთ-ერთია სვიმონ კანანელის მონასტერი. ეს ის წმინდა ადგილია, სადაც მაცხოვარმა პირველი სასწაული მოახდინა. ახალი აღთქმის მიხედვით, სვიმონ კანანელის ქორწილში იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია.
მამათა მონასტრამდე მისასვლელ რამდენიმეკილომეტრიან მონაკვეთს მომლოცველების ნაწილი ფეხით, ნაწილი კი სახედრებით გადის. პილიგრიმები კლდეში ნაშენებ მონასტერში მიდიან, სადაც ბერის უხრწნელი სხეულია დაბრძანებული.
ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მორწმუნეები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. საქართველოდან, წმინდა მიწის მოსალოცად, ყოველწლიურად, უამრავი ადამიანი ჩადის. ისინი გადიან იმ გზას, რომელიც მაცხოვარმა 21 საუკუნის წინ გაიარა.