25 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
სააღდგომო ლიტურგია კათოლიკოს-პატრიარქმა სიონში ჩაატარა - მსახურებას ტაძარში პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკოსები დაესწრნენ

სიონის საკათედრო ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მართლმადიდებელი ქრისტიანები შეიკრიბნენ. მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომა, პირველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიულოცა.

ილია მეორე სიტყვის შემდეგ, საზეიმო ლიტურგიის დაწყებამდე არქიდიაკონმა, დემეტრემ მრევლს, ტრადიციულად, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნო. პატრიარქმა ყურადღება ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებასა და რთულ ვითარებაზე გაამახვილა. ილია მეორე წერს, რომ, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, აუცილებელია სამშობლოს სიყვარულით გაერთიანება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ, - ასე მიმართავს პატრიარქი მორწმუნეებს. ის სააღდგომო ეპისტოლეში სინანულისა და ცოდვათა მონანიების აუცილებლობაზეც წერს.

სააღდგომო ეპისტოლე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოისმინეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ლიტურგიას, რომელიც უწმინდესმა, თანამოსაყდრე შიო მუჯირთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიონის საკათედრო ტაძარში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი.

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მართლმადიდებელ ქრისტიანებს სიონის ტაძარში შეკრებილმა მრევლმა მიულოცა.

სწორედ სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი. სიონის საპატრიარქო ტაძრიდან კი ცეცხლი მთელ საქართველოში გავრცელდა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები