თელ-ავივში, ისრაელელი ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებდნენ. მათი ნაწილი ომის გახანგრძლივებაში ისრაელის მთავრობასა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სდებს ბრალს.
ბოლო ცნობებით, "ჰამასის" ტყვეობაში ჯერ კიდევ რჩება 100-მდე მძევალი.
აქცია ისრაელში იმ ფონზე გაიმართა, როდესაც კაიროში მოძრაობა "ჰამასის" დელეგაცია შუამავლებს ხვდებოდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოლაპარაკებებში ჯერ პროგრესი არ შეინიშნება. დავის მთავარი საგანი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაა.
პარალელურად, ვირჯინიის უნივერსიტეტში პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებულია, სულ მცირე, 25 აქტივისტი.