მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სიონის ტაძარში აღავლინა. სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის ეპისტოლე გააცნეს.
"მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება," - წერია სააღდგომო ეპისტოლეში, სადაც პატრიარქი ყველას მოუწოდებს, რომ იზრუნონ მშვიდობასა და კეთილდღეობაზე.
"გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს!" - წერს პატრიარქი ეპისტოლეში და მონანიების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ავტორი: ნანა გოგატაძე.