25 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს - შალვა პაპუაშვილი ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობას სხვადასხვა საგნებს ესვრიან

პირველი მაისის ღამეს გადაღებულ კადრებში, რომელიც დღეს გავრცელდა ჩანს, რომ აქციის მონაწილეები სხვადასხვა საგნებთან, ქვებთან და ფილაქნებთან ერთად, პარლამენტის ჭიშკრის მიღმა განლაგებულ სპეცრაზმს ე.წ. რაგატკით, სავარაუდოდ რკინის ბურთულებს ესვრიან.

პარლამენტის შესასვლელთან განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, რომელიც არაერთი მედიით გავრცელდა, სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემაც გამოაქვეყნა - კონკრეტული მიზნით. შალვა პაპუაშვილი დემონსტრანტების ქმედებებზე უცხოური საელჩოებისა და დონორების განცხადებებს ძალადობის წახალისებად აფასებს და მათგან ობიექტურ რეაგირებას ითხოვს. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი წერს, რომ დიპლომატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა სახელმწიფო ინსტიტუტზე განხორციელებული ძალადობა.

პარლამენტის სპიკერის გზავნილს ელჩები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს სალომე ზურაბიშვილთან იმყოფებოდნენ, თუმცა შეხვედრა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვეს.

მათ პოზიციას "ქართული ოცნება" ორმაგ სტანდარტს უწოდებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ელჩების შეფასებები არაობიექტურია, რაც ძალადობის წახალისებასთან ერთად, პარტნიორულ ურთიერთობებს აზიანებს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ უცხოელ პარტნიორებს დასაგმობი არაფერი აქვთ, რადგან საპროტესტო აქციები მშვიდობიანია. დემონსტრანტების მხრიდან პარლამენტის შენობაზე განხორციელებულ ქმედებებზე ისინი პასუხისმგებლობას მაინც ხელისუფლებას აკისრებენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ აქტივისტების მხრიდან ძალადობა და აგრესია სამართალდამცველების მიმართ აქციაზე გადაღებულ კადრებშიც ჩანს და ეს გამოხატვის მშვიდობიან ფორმად ვერ შეფასდება. პარტნიორების მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრისას ისინი ბოლო დღეებში, სხვა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს ახსენებენ..

რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების დროს არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცველი დაშავდა. შსს ინფორმაციით, ერთ-ერთ პოლიციელს მძიმე დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

დღის ამბები