25 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
თბილისი ბრიუსელიდან კიდევ ერთ რჩევას იღებს - ევროპული პოზიცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააცნო

თბილისსა და ბრიუსელს შორის სატელეფონო კომუნიკაცია გვიან ღამით შედგა.  მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა საუბრის შინაარსი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვეს. მთავარი საკითხი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქტიური დებატებისა და ნამდვილი დიალოგისკენ მოუწოდა. შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებას ურჩია, ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ დისკუსია კანონპროექტზე პარტნიორებს არაერთხელ შესთავაზა, მათგან კი უარი მიიღო. პრემიერმა შარლ მიშელს გამჭვირვალობის კანონის საჭიროების არგუმენტებიც განუმარტა.

ირაკლი კობახიძემ დღეს მედიასთან შარლ მიშელთან საუბრის შესახებ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, სამთავრობო გუნდში თქვეს, რომ უმეტეს შემთხვევებში, ის პოზიციები, რომელიც კანონპროექტზე პარტნიორებისგან არსებობს, გადაჭარბებულია.

ოპოზიციისთვის შარლ მიშელის პოზიცია დასტურია იმისა, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის სარისკოა. ხელისუფლების ოპონენტები კვლავ მოუწოდებენ მმართველ პარტიას - უკან გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

ოპოზიციის მეორე ნაწილი ყურადღებას იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც კობახიძე საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებაზე საუბრობს.

სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ კანონი მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. პარტნიორებს კი მოუწოდებენ ორმაგი სტანდარტით არ იმოქმედონ.

პარტნიორებისგან კრიტიკა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მისი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შემდეგ ისმის. პროექტს პარლამენტმა კენჭი ორი მოსმენით უკვე უყარა, პარალელურად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას დაჩქარებული წესით ამზადებს ვენეციის კომისია, რომელსაც კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე გამოაქვეყნებს.

დღის ამბები