25 ნოემბერი 2024,   09:10
ვრცლად
ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სანქცირებულია, 200 000-კაციან მიტინგზე რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?! - გიორგი იაკობაშვილი

ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სანქცირებულია, 200 000-კაციან მიტინგზე რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?! - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ვრცელ პოსტში, იაკობაშვილი ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს:

"ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური პროცესები აღარ ტოვებს სივრცეს იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია მყარად და გარკვევით არ დააფიქსირო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას, ჩვენ და ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს ეხება.

ხელისუფლების მიერ, ხელახლა ინიცირებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ვნებათაღელვის საფუძველი გახდა და დაახლოებით იმას დაემსგავსა, საკუთარი სახლის კარს რომ შეაღებ და იქ კრაზანების ბუდეს აღმოაჩენ. ასეთ დროს ან რამე უნდა მოიფიქრო, ანაც კარი უნდა გამოიკეტო და წახვიდე.
არსადაც არ ვაპირებ წასვლას!!!
გამჭვირვალობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. და რადგან “არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს“, არც საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დარჩნენ თავიანთ სახსრებში დაფარულნი და აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ (და არა მხოლოდ მან) იცოდეს, რაში იხარჯება გარედან შემოსული თანხები, იქნება ეს რუსული ფული თუ დასავლური ევრო/დოლარები.
ბევრმა დაკარგა მოსვენება და უკვე სწორედ ეს გახლავთ პასუხი კითხვაზე - „რა გაწუხებთ, თუ კარგ საქმეს ემსახურებით“?...
პრინციპში, კითხვა რიტორიკულია.
მე უფრო მეტად ის ზღვარგადასული ზეწოლა და აგრესია მაშფოთებს, რასაც ყოფილი დასავლელი მაღალ, დაბალ თუ საშუალოჩინოსნებისგან ვხედავთ. პირებისგან ვხედავთ და ვისმენთ. ყოფილი ელჩები, სახელმწიფო „მოღვაწეები“ და ჩვენი ქვეყნის „კეთილისმსურველები“, რომლებსაც მოკლედ “ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს“ ვუწოდებთ, აღარ მალავენ აგრესიას და სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მთავრობას და ცალკეულ პირებს, მათ შორის, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს.
ყველამ ვიცით, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტების თუ შეზღუდვის მოსურნეთა ეს იარაღი, ალბათ, ბოლო-ბოლო მაინც გაისვრის. სანქციები იქნება, მაგრამ რა მერე? - აი ეს კითხვაა მთავარი.
ვის აშინებთ? ან როგორ აშინებთ და როგორ ემუქრებით?
ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანიია, რაც სანქცირებულია და მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა. რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?! სპეცსამსახურებში გაწერილი ეს გაიდლაინები არ მოქმედებს, დღევანდელი მოცემულობა გლობალურად არის შეცვლილი და მუქარა - სანქციებს დაგიწესებთო - ერთი ყოფილი ელჩისა, რომელმაც მოღვაწეობა ავტოფარეხის „კრიშობით“ დაასრულა, მხოლოდ მწარე ღიმილს იწვევს.
ყელზე არ დაგადგეთ ეგ სანქციები!
25 წელია ვითხოვ ამ კანონს - კანონს გამჭვირვალობის შესახებ. 25 წელია ვწერ, ვამბობ, გავიძახი... დრო იყო, ბევრი არ მეთანხმებოდა. დღეს, საბედნიეროდ, ასე აღარ არის, ყველამ ისწავლა შავისა და თეთრის გარჩევა და ახლა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის დროა. სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო კადრების სამჭედლო იმ ხელისუფლებისა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში სისხლის გუბეები დააყანა საქართველოში. ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა დღეს შეუდარებლად მეტია და, შესაბამისად, მეტი იქნება სისხლის გუბეებიც, თუ მათ და მათ დამფინანსებლებს თავს დავუხრით.
ერთადერთი, რითაც კელი დეგნანი გენადი კოლბინს და ბორის ნიკოლსკის ჯობს, არის ის, რომ ინგლისური და კომპიუტერი იცის და ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის სრულიადაც არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ქვეყნის, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების პატივისცემას და ეს სულაც არ უნდა იყოს ბევრი და გადამეტებული მათთვის, ვისაც ჩვენთან მეგობრობა სურს, თორემ დიდოელი ლეკისა და ნაბადის ამბავი ძალიან, ძალიან კარგად მოგვეხსენება და ნელ-ნელა ვითვალისწინებთ კიდეც,"- წერს გიორგი იაკობაშვილი.

დღის ამბები