25 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
ამერიკელ კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს

ამერიკელი კონგრესმენსა და მის მეუღლეს 600 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს. როგორც BBC წერს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ოფიციალურად წაუყენა ბრალი ამერიკელ კონგრესმენს, ჰენრი კუელარს და მის მეუღლეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და მექსიკური ბანკისაგან ქრთამის მიღებაში.

ტეხასელი დემოკრატი კონგრესმენი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ჰენრი კუელარსა და მისი მეუღლეს ჰიუსტონის სასამართლომ გირაო შეუფარდა. თუ მათ დამნაშავედ ცნობენ, კონგრესმენს და მის მეუღლეს რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყვილს ბრალი სხვადასხვა მუხლებით წაუყენეს. მათ შორის არის შეთქმულება, ქრთამის მიღება, თაღლითობა, ფულის გათეთრება და უცხოური ორგანიზაციის აგენტებად მოქმედების შესახებ აკრძალვის უგულებელყოფა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქმე ეხება 2014-2021 წლების პერიოდს. გამოძიების მიხედვით, ფულის სანაცვლოდ ამერიკელი კონგრესმენი დათანხმდა გავლენა მოეხდინა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ და ასევე წინ წაეწია გადაწყვეტილებები, რომლებიც სარგებელს მოუტანდა მექსიკურ ბანკს.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიღებული თანხით კონგრესმენმა რამდენიმე კრედიტი დაფარა და ოჯახისთვის სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი შეიძინა. ცნობისთვის, ანალოგიური ბრალდება ასევე წაყენებული აქვს სენატორ რობერტ მენენდეს და მის მეუღლეს, რომელთაც ეგვიპტისა და კატარის მთავრობისგან ქრთამის მიღებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები