მასობრივმა პროტესტებმა მოიცვა საფრანგეთის უნივერსიტეტები - პარიზის ორ უმსხვილეს უმაღლეს სასწავლებელში, პროპალესტინური დემონსტრაციების გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა. სორბონის უნივერსიტეტში დაკავებები პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტებმა კარვები გაშალეს.
"საიენს პოს" უნივერსიტეტში კი, სადაც ასამდე სტუდენტმა ცენტრალური კამპუსი დაიკავა, სამართალდამცავებმა, ღამით, მომიტინგეები ჯგუფებად გამოიყვანა. სტუდენტები ფრანგული უნივერსიტეტებისგან ისრაელის სასწავლებლებთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეწყვეტასა და პრემიერ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.
საფრანგეთში პროტესტი გასულ კვირას დაიწყო, რა დროსაც 12 პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 45 ადამიანი. პარიზში, დემონსტრანტებთან შეტაკებისას, ძალოვნებმა ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
"აქ იმიტომ ვარ, რომ სპეცრაზმმა გამომიყვანა. გამათრიეს და აქ მომიყვანეს. მინდა, ღაზაში მიმდინარე გენოციდი დავგმო, სოლიდარობას ვუცხადებ პალესტინელ ხალხს და ეს მოძრაობა უნდა გავრცელდეს ყველა კამპუსში. მინდა, პროტესტი გავრცელდეს მთელ საფრანგეთში, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით," - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.