ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ომი შეწყდეს. ეს, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული. თუ ჰამასი 33 ისრაელელ ტყვეს გაათავისუფლებს, ისრაელი მზადაა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება, რაც ტყვეების გათავისუფლებასა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას გულისხმობს.
კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა ტყვეების გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვან საკითხად, ვიდრე რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყება, ისრაელის მოქალაქეების 53% პასუხობს, რომ ტყვეების დაბრუნება მნიშვნელოვანია. ისრაელის უმსხვილეს ქალაქებში: თელ-ავივში, იერუსალიმსა და აშდოდში ანტისამთავრობო დემონსტრაციები არ წყდება. ათასობით ადამიანი მთავრობისგან ტყვეების დაბრუნების შეთანხმების ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადაა, რაფაჰში სამხედრო ოპერაცია ტყვეების გაცვლის შეთანხმების გარეშე დაიწყოს, პრემიერს საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის გათვალისწინება მოუწევს, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მას თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. რაფაჰში 2,5 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ლტოლვილია. ისრაელის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ქალაქს ტერორისტები აკონტროლებენ.
შვიდი თვის წინ ტერორისტებმა კიბუცებიდან 240 ადამიანი გაიტაცეს. საპასუხოდ, ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მსხვერპლის რაოდენობა 34 ათას ადამიანს აღწევს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.