შეერთებული შტატების არაერთმა სასწავლო დაწესებულებამ, მათ შორის, კალიფორნიის უნივერსიტეტმა ლოს - ანჯელესში, პოლიციას მიმართა, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებული სტუდენტების პრო-პალესტინური დემონსტრაციები ჩაეწყნარებინა. სამართალდამცველებმა სტუდენტების მიერ კამპუსში დადგმული ბარიკადები ძალის გამოყენებით აიღეს. ისმოდა აფეთქებების მსგავსი ხმა, რადგან, აქციის დასაშლელად, პოლიცია, მანათობელ და ხმაურის გამომწვევ საშუალებებს, ასევე რეზინის ტყვიებს იყენებდა. დემონსტრანტები კი სამართალდამცველებს ცეცხლის საქრობი საშუალებით ეწინააღმდეგებოდნენ.
არეულობა დემონსტრაციაზე სამართალდამცველების მისვლამდე დაიწყო. აქციის მონაწილეებს ისრაელის მომხრე ახალგაზრდობა დაუპირისპირდა. ხმაურიანი აქცია მიმდინარეობდა პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული. პოლიცია გამოიძახა ადმინისტრაციამ ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტშიც. ოფიცრები კამპუსში შევიდნენ და სტუდენტების დაკავება დაიწყეს. პოლიციამ ხალხი ეზოში შეკრული ხელებით გამოიყვანა. სტუდენტების ნაწილს სწავლა შეუჩერეს და შესაძლოა მათი გარიცხვის საკითხიც დადგეს. დემონსტრანტებს ანტისემიტური ფრაზების გამოყენებასა და ღამით პროტესტის მოწყობაში ადანაშაულებენ.
სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტში, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშლეს. სტუდენტები მოუწოდებენ უნივერსიტეტს, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ისრაელთან და კორპორაცია "ბოინგთან", რომელიც ისრაელის არმიისთვის მოიერიშე ვერტმფრენებს აწარმოებს. ამერიკის სასწავლო დაწესებულებში სტუდენტები აპროტესტებენ ღაზაში მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაციებს და მოუწოდებენ ადმინისტრაციას, ყველაფერი გააკეთოს, რათა სექტორში სისხლისღვრა შეწყდეს. უნივერსიტეტებში დაწყებულ არეულობას პრეზიდენტიც გამოეხმაურა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიცია სტუდენტების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებდა და მათ სასტიკი მეთოდებით არბევდა. სამართალდამცველებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, დემონსტრანტები კი თავის დაცვას ქოლგებით და ხელნაკეთი ფარებით ცდილობდნენ, დააკავეს 2 200-ზე მეტი დემონსტრანტი.
იყო თუ არა აქციები მშვიდობიანი - მედიის ცნობით, ამ თემაზე, მწვავე დისკუსია ამერიკულ საზოგადოებაში უკვე მიმდინარეობს. დემონსტრანტები კი ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და საპროტესტო გამოსვლები კვლავ გაგრძელდება.