რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია გრძელდება და გრძელდება სიტყვით გამოსვლებიც. მთავარი მესიჯია - არ შეწყდეს პროტესტი, სანამ არ მოხდება კანონპროექტის უკან გაწვევა.
რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
"ვინმეს არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან შეკრებილები, არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ან პოლიტიკით, ან პარტიით, ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც იცავენ კონსტიტუციას. ამიტომ, ბრძოლა გაგრძელდება, საქართველოს ისტორია არის გამუდმებული ბრძოლა თავისუფლებისთვის,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.
რუსთაველის გამზირზე იმყოფება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
"რასაც ვხედავთ ჩვენ და მსოფლიო, არ არის ორდინალური პოლიტიკური პროცესი. ეს არ არის პარტიების დაპირისპირება, ხალხი აღდგა რეჟიმის წინააღმდეგ. ამათ ნასახი არ იქნება ძალიან მალე. მე არ ვარ ვანგა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ესენი ამთავრებენ თავის პოლიტიკურ არსებობას," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.