25 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
მძიმედ დაშავებულები და ათეულობით დაკავებული - 30 აპრილისა და 1 მაისის საპროტესტო აქციის ღამის შედეგები

30 აპრილისა და 1 მაისის ღამეს ჰყავს მძიმედ დაშავებულები და ათეულობით დაკავებული, მათ შორის არიან, როგორც დემონსტრანტები, ასევე პოლიტიკოსები და პოლიციელები. ინგოროყვას კლინიკაში ლევან ხაბეიშვილი სახის არეში მძიმე დაზიანებებით მოხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან დაპირისპირებისას სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ინგოროყვას კლინიკაში გაუწიეს.

ხაბეიშვილის ინციდენტს შსს-ს მინისტრის მოადგილე სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ალექსანდრე დარახველიძემ დეპუტატის ქმედებას ძალადობა უწოდა და თქვა, რომ უწყება ამ ფაქტზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ ფიზიკურ ძალადობას დღეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა, ირაკლი კობახიძემ მომხდარს სამწუხარო უწოდა.

სამართალდამცველებთან დაპირისპირებისა და ცრემლსადენი აირის გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო ალეკო ელისაშვილმა. მოქალაქეების ლიდერი აქციაზე შუაღამისას გამოჩნდა.

გავრცელებულ კადრებში, ჩანს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქცია ძალადობრივ ქმედებებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტმა დავით ჯაბაურმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ფაქტს, ჩიტაძის ქუჩაზე ჯერ კრიმინალური პოლიციის რეაგირება, შემდეგ კი საპოლიციო ღონისძიებები მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების გამო, პოლიციას არაერთხელ მოუხდა სპეციალური საშუალებების, ე.წ.წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება.

საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები მიუღებელი.

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებული დემონსტრანტები წინასწარი მოთავსების იზოლატორებში დღეს უფლებადამცველებმაც მოინახულეს.

აქციის მონაწილეების მიმართ, შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დღეს ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშიც.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინება სახალხო დამცველის აპარატიდანაც შევიდა. ომბუდსმენის ოფისი, 19 დაკავებულის მიმართ, შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტების შესწავლას ითხოვს. ლევან იოსელიანმა ასევე მოუწოდა აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა.

პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შედეგად, მძიმე დაზიანებები მიიღო 6-მა სამართალდამცველმა. ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ერთ-ერთ პოლიციელს თვალზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თითოეულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები