25 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
მოვუწოდებ შსს-ს, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და არ იძალადოს მათზე.

ლევან იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა. ამასთან, სახალხო დამცველმა შეაფასა გუშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც მათი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე". 

"სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, მათ შორის დამიზნებით. გაფრთხილების გარეშე ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის დიდი ოდენობით გამოყენებას.

აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად, მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებებში ჩარევის საფუძველი.

თქვენ იცით, რომ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც, მისი განმარტებით, სამართალდამცველებმა სცემეს.

მოვინახულეთ 49 პირი. აქედან, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 31 პირი მიუთითებდა პოლიციის, სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები,“ - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები