25 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
ხმაური პარლამენტში - "გამჭვირვალობის" კანონი ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის მორიგი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების საბაბი გახდა

დეპუტატებს შორის დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე, პარლამენტის ეზოდანვე დაიწყო. პირველი ინციდენტი ანა ნაცვლიშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს შორის მოხდა. "ლელოს" წევრი "ქართული ოცნების" წევრის მიერ მედიასთან გაკეთებულმა შეფასებამ გააღიზიანა.

პარლამენტის ეზოს შემდეგ, ვითარება საკანონმდებლო ორგანოს დერეფანშიც დაიძაბა. ანი წითლიძე და თინა ბოკუჩავა გურამ მაჭარაშვილს დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი შელაპარაკების გარდა, პარლამენტის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც დეპუტატებმა დარბაზში შეკრება დაიწყეს. სხდომაზე პირდაპირ ჰოსპიტლიდან მივიდა ლევან ხაბეიშვილიც. დარბაზში პირველი ხმაური სწორედ მის გამოჩენას მოჰყვა. ვითარების ამსახველ მასალას ოპოზიციონერი დეპუტატები სოციალური ქსელით ავრცელებდნენ.

ვითარების განმუხტვის შემდეგ გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის გუშინდელ ქმედებებს ძალადობრივი უწოდა. შალვა პაპუაშვილმა განცხადება ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა. სიტყვით ისარგებლა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემაც.

მორიგ დაპირისპირებაში ამჯერადაც ანა წითლიძე აქტიურობდა. მისი მხრიდან მიხეილ ყავალაშვილის სიტყვიერ შეურაცხყოფას, დარბაზში ისევ ხმაური მოჰყვა.

უხმაუროდ არც რომან გოცირიძის გამოსვლას ჩაუვლია. "ევროპელი ოპტიმისტების" თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილისადმი მიმართვას მმართველი პარტიის წევრებმა დარბაზიდანვე უპასუხეს. დაპირისპირებაში თაკო ჩარკვიანიც ჩაერთო, თუმცა ის სხდომიდან მალევე გააძევეს.

თაკო ჩარკვიანის მსგავსად დარბაზი დაატოვებინეს სალომე სამადაშვილსაც. ყველა შემთხვევაში მიზეზი ერთი დასახელდა - ითქვა, რომ ოპოზიცია გამოსვლებს კანონპროექტზე მსჯელობისთვის არ იყენებდა.

წესების დარღვევისთვის დარბაზი დღეს არაერთ ოპოზიციონერს დაატოვებინეს. გაძევების შემდეგ ისინი სხდომაზე აღარ შესულან.

დღის ამბები