25 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს, პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს - თამარ კორძაია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე მეორე მოსმენით კენჭისყრას ოპოზიციონერი დეპუტატები გამოეხმაურნენ. თამარ კორძაიამ ხელისუფლებას მიმართა, რომ თუ აქციის მონაწილეებს და კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს რამე დაემართებათ, სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება.

"2 წუთის წინ 83-მა დეპუტატმა ხელის მოაწერა სახელმწიფოს ღალატს. ერთი საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ, რომელიმე მათგან რამე რომ დაემართოს დღეს პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს.

ახალგაზრდებს კი მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ," - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა 23 დეპუტატი.

დღის ამბები