25 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც ქმნის წინაპირობებს, ვუმასპინძლოთ უმაღლესი დონის მატჩებს და დედაქალაქს ჰყავდეს მეტი ვიზიტორი - კახა კალაძე ახალი სტადიონის პროექტის შესახებ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე კონკრეტულად დედაქალაქს.

"ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს ორი სახეობა. მე პირადად, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის ირაკლი კობახიძეს დიდ მადლობას ვუხდი", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტული მოედანი უმაღლესი სტანდარტების იქნება, რაც მოიტანს შესაძლებლობას, თბილისმა უმაღლესი დონის მატჩებს უმასპინძლოს.

"ეს იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც თავისთავად ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი დონის მატჩებს თბილისში და დედაქალაქს ჰყავდეს მეტი ვიზიტორი, მეტად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და თბილისი სპორტულმა სამყარომ და ყველა იმ უცხოელმა, რომელიც ინტერესდება არა მარტო სპორტით, არამედ სხვა ერების კულტურით. იცით, რომ თბილისში არსებული სტადიონები ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომლითაც შეიძლება, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩავატაროთ. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია", – აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

დღის ამბები