25 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ევროპარლამენტარის ერთ-ერთი წევრისგან ვნახეთ პირდაპირ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს, კარგი იქნება თუ განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგან - შალვა პაპუაშვილი

ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს. რეზოლუციის ტექსტზე ევროპელი კანონმდებლები დღეს უნდა შეჯერდნენ. ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება. ამ თემაზე სტრასბურგში ოთხ პროექტს განიხილავენ.

ყველა მათგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს გამჭირვალობის კანონი. მოთხოვნათა შორის არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ გაითვალისწინებს ბრიუსელის რეკომენდაციებს, ევრო დეპუტატების ნაწილი "ქართული ოცნების" წევრებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის და სამართალდამცველებისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის საელჩოს მიერ განმარტებების აუცილებლობაზე საუბრობს.

"აღმოჩნდა, რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან ერთად ბრიფინგების ჩატარება. აღმოჩნდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ. აღმოჩნდა, რომ თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება - ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. პრობლემა სწორედ იმაში არის, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არა თუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი.

გუშინდელ გამოსვლებს შორის იყვნენ ადამიანები, ვინც არიან თავად მონაწილე საქართველოში ფარული დაფინანსებისა პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. ეს იატაკქვეშა ფულის ხარჯვა, რაც ხდება საქართველოში ევროპის დემოკრატიის ფონდის მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები, იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მიხაილ გალერი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ ეს კანონპროექტი მათაც ეხებათ, მათ გამჭვირვალობას ეხება და პარადოქსია, ინტერესთა კონფლიქტია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავად არ იყვნენ გამჭვირვალენი და დაფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც ხარჯავდნენ აქამდე.

შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე, "დროაზე" მაგალითად, რადიკალურ ჯგუფებზე, "სირცხვილიაზე" მაგალითად, იხარჯება მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებაზე.

გუშინ ევროპარლამენტარის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ პირდაპირ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუს. გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრი არის, ამავე დროს ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში და ეს არის თავდასხმა პოლიციაზე. ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე და მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის არის, მათ შორის, ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები