25 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
"შემოთავაზებული კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას" - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ

რა ჩაიწერება ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით? ევროპელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, დღეს უნდა შეჯერდნენ, ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება. ამ თემაზე ევროპარლამენტში ოთხ პროექტს განიხილავენ.

ყველა მათგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს კანონი. მოთხოვნათა შორის სახელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაც. იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ გაითვალისწინებს ბრიუსელის რეკომენდაციებს, ევროდეპუტატების ნაწილი "ქართული ოცნების" წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ემხრობა. არის ვარაუდიც, რომ შესაძლოა, საქართველოს ევროპული დაფინანსება შეუმცირონ.

ქართულ კანონზე ევროპარლამენტში დებატები გვიანობამდე გაგრძელდა. პარალელურად, სტრასბურგში იმყოფება პარტია "ახალის" ლიდერიც. ნიკა გვარამიამ რამდენიმე ევროდეპუტატთან ერთად ბრიფინგი გამართა, დაესწრო დებატებსაც.

"შემოთავაზებული კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას. თუ ეს კანონი ქართველი ხალხის მისწრაფებების საწინააღმდეგოდ და კომისიის რეკომენდაციების დარღვევით უნდა იქნას მიღებული, მაშინ ჩვენი პასუხი მკაფიო უნდა იყოს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავყინოთ საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ნებისმიერი საშუალება. მეორე, საქართველოსთვის ნებისმიერი მომავალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს პირობებზე დამოკიდებული ამ მავნე კანონის გაუქმების შესაბამისად. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს მიშა სააკაშვილი.“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.

 

დღის ამბები