25 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ამ სიმბოლურ დღეს, უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით - რატი ბრეგაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს მორიგი გამარჯვება - სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

როგორც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, სიმბოლურია, რომ დღეს, საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა დასრულდა გამარჯვებით.

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას.

"ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება, რომელშიც წარმატების მისაღწევად, იმის ცოდნასთან ერთად, რომ მართალი ხარ, აუცილებელია, რომ ეს სიმართლე დაამტკიცო. 2012 წლიდან, საქართველომ არაერთ საქმეზე მოიპოვა გამარჯვება და დაამტკიცა ქართული სიმართლე.

კერძოდ: 2012 წლიდან, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ დეპორტირებულების საქმეზე, რის შედეგადაც 10 მილიონი ევროს კომპენსაცია დაეკისრა რუსეთის ფედერაციას. ასევე, მიღებული იყო ისტორიული გადაწყვეტილება ე.წ ომის საქმეზე, რომლის შემდგომაც, ჩვენ, ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და ეს არის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი. ასევე, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან. ამ სიმბოლურ დღეს, უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა ქართველს და საქართველოს ყველა პატრიოტს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე გადაადგილების თავისუფლება.

ამ გამარჯვებას ჰყავს თავისი ბევრი გმირი. მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ასევე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, ასეთი სანიმუშო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც, საქართველომ, ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია“, - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები