25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ევროპული სასამართლოს უარი ნიკა გვარამიას - ვინ როგორ აფასებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში

ნიკა გვარამია საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური დევნა არ დადასტურდა. "რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს სტრასბურგმა კარი არ გაუხსნა. ისე როგორც საქართველოს უზენაესმა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამბავი საზოგადოებას გვარამიამ, სოციალური ქსელით ამცნო და სტრასბურგის მოსამართლეების კეთილსინდისიერებაც ეჭვქვეშ დააყენა.

"რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ამავე არხს 6 მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიაყენა, რისთვისაც გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმაც დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ კი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გვარამიას ჯარიმა შეუცვალა და გისოსებს მიღმა 3 წელი და 6 თვით გაუშვა, თუმცა პატიმარი პრეზიდენტმა შეიწყალა და ციხის გარეთ ერთ წელში აღმოჩნდა.

სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქმის მოსამართლე, ერთგვარად დაისაჯა და ის ამერიკის დაფინანსებული მოსამართლეთა ტრენინგის პროგრამიდან ჩახსნეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს დღეს ბოდიშის მოლოდინი არ აქვს. სტრასბურგის ამ ნაბიჯის შემდეგაც ყველას ახსენებს, რომ ქართული სასამართლო კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გვარამიას მსგავსად ეჭვი მის გუნდშიც შეიტანეს. ყოფილი პროკურორის თანამოაზრეები სტრასბურგზე უფრო მაღალ ინსტანციად, ევროპარლამენტარებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებებს მიიჩნევენ.

ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია აქვთ "სტრატეგია აღმაშენებელში." "ნაციონალურ მოძრაობის" მოკავშირე პარტია თან სტრასბურგის სასამართლოს ენდობა, თან გვარამია მაინც პოლიტიკური პატიმარია.

სტრასბურგის უარის შემდეგ გვარამიას შემდეგი გაჩერება გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტია. მიზეზები ისევ სოციალური ქსელით ახსნა და დაწერა, რომ კონსულტაციები ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან გაიარა. აღნიშნა, ისიც, რომ კომიტეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად აინტერესებს.

გვარამიას სტრატეგიას, მარცხთან ვერ შეგუებად აფასებენ "გირჩში." პარტიის ლიდერი ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ გვარამია გისოსებს მიღმა, მისივე მიღებული მუხლით აღმოჩნდა.

სტრასბურგმა ყველა სპეკულაციას წერტილი დაუსვა მმართველი გუნდისთვის.

სტრასბურგის მარცხის შემდეგ, ნიკა გვარამია ახლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვერდიქტს დაელოდება. სიახლეს სავარაუდოდ, ისევ სოციალური ქსელიდან გავიგებთ, რადგან პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ამ საკითხთან დაკავშირებით სატელევიზიო ინტერვიუზე უარს ამბობს.

 

 

 

 

დღის ამბები