ნახევარი მილიონი ლარი პაციენტების გარიგებულ კლინიკებში გადაყვანისთვის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯანდაცვის უწყების ერთ-ერთი სიპის ყოფილი თანამშრომლები დააკავა. ბრალი წაუყენეს კიდევ ორ პირს, რომლებმაც ქრთამი გადაიხადეს.
დაკავებულია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ორი ყოფილი მენეჯერი.
გამოძიების ინფორმაციით, მათ სამ წელიწად ნახევარში, ქრთამის სახით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მიიღეს, სანაცვლოდ მათ პაციენტები არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ "ევექსის" კლინიკებში გადაჰყავდათ.
დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ქრთამის აღებას ედავებიან, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერჯერობით არ მიუღიათ დას მტკიცებულებებსაც არ გაცნობიან.
"ედავებიან ქრთამის აღებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის, კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის მოადგილედ. მნიშვნელოვანი რაც არის, ელექტრონული მართვის პროგრამაში განახორციელეს ხელოვნური ჩარევაო და ამ ჩარევის წყალობით, პაციენტებს უშვებდნენ "ვიანის" ქსელებში და ასევე "კავკასიის მედიცინის ცენტრში". ჯერჯერობით ეს არის, რაც ვიცით, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერჯერობით არ გვინახავს, მათ შორის, რა თქმა უნდა არ გავცნობივართ მტკიცებულებებს. ბუნებრივია, ეჭვის თვალით ვუყურებთ ბრალდების დასაბუთებულობას იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ საეჭვოა, რამდენად ექნებოდათ ბრალდებულ პირებს ელექტრონულ პროგრამაში ხელოვნურად ჩარევის შესაძლებლობა", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.