მატჩი, რომელსაც მთელი ქვეყანა ელის - საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კიდევ ერთი შანსი მიეცა. პირველი ბარიერი ლუქსემბურგია, რომელსაც საქართველო ხვალ დაუპირისპირდება.
ნაკრები მატჩისთვის რამდენიმე დღეა ემზადება. გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვარჯიშობს. ერთადერთი დანაკლისი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც მონაწილეობას მხოლოდ ფინალურ მატჩში შეძლებს. ნაკრებში დაბრუნდა ჯაბა კანკავა. ექს-კაპიტანი გუნდს უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში დაეხმარება.
მოლოდინი დიდია, მიზანი კი ერთი - გამარჯვების გარდა, ქართველი ქომაგისთვის სხვა შედეგი მიუღებელია. საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ხვალ სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ. თბილისის მერიის ორგანიზებით, რესპუბლიკის მოედანზე მატჩის ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.
საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს ხვალ, 21 მარტს, 21 საათზე "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ხვალ მოგების შემთხვევაში, ფინალის მასპინძელი საქართველო იქნება.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი