კანდიდატის სტატუსი, როგორც გასული წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ვახტანგ გომელაურმა 2023 წლის შეჯამება სწორედ ამ საკითხით დაიწყო. გამოწვევები და მიღწევები, რეფორმები და სიახლეები - მინისტრის თითქმის 40 წუთიანი მოხსენება ყველა იმ ფაქტს მოიცავდა, რაც 1 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა.
გომელაურმა აქცენტი მძიმე დანაშაულების შემცირებულ სტატისტიკაზე და ამ კონტექსტში ქართველი სამართალდამცველების მუშობაზე გაამახვილა. ამის გარდა, შს მინისტრმა თქვა, რომ უწყებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა.
კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, უწყებისთვის მნიშვნელოვანია დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმები. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა კრიმინალური პოლიციის რეფორმასა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა ისიც, რომ უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასაზღვრო ავიაციის გაძლიერების მიმართულებით, საქართველოს უკვე გადმოეცა H 145-ის პირველი ბორტი, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.
შეუძლია თუ არა H 145-ს სტიქიური უბედურებების დროს ადამიანების გადარჩენა და რას შეცვლიდა მისი არსებობა შოვის ტრაგედიისას - ეს იყო შეკითხვა, რომელიც ვახტანგ გომელაურს ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა დაუსვეს.
სწორედ ახლადშეძენილ ბორტთან დაკავშირებულ შეკითხვას მოჰყვა ხმაური საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა რომან გოცირიძე H 145-ის გარდა, კიდევ ერთი შესყიდვით დაინტერესდა და საქართველოში არასანქცირებული ტვირთის შესაძლო შემოსვლაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატი დეზინფორმაციის გავრცელებისა და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ხელის შეწყობის გამო დარბაზშივე გააკრიტიკა.
მსხვერპლით დასრულებული ავტოავარიები, გაზრდილი ჯარიმები, ქალთა მიმართ ძალადობა და ელექტრონული სამაჯური, როგორც პრევენციის საშუალება - დეპუტატები ამ საკითხებითაც დაინტერესდნენ და მინისტრს უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ კითხეს.
ვახტანგ გომელაურთან 19 კითხვიდან ყველაზე მეტი - 7 მიგრაციაზე დაისვა. "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ და ყოფილ წევრებს საქართველოდან მოქალაქეთა გასვლის და უკან დაბრუნების სტატისტიკური მაჩვენებელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან აინტერესებდათ.
22 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მინისტრის საათის ფორმატში ვახტანგ გომელაურმა დღეს დეპუტატებს გააცნო, უწყებაში უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებსაც მოიცავდა. მინისტრი თანამშრომელთა ხელფასების ზრდას, "პოლიციის ქალაქის" მშენებლობასა და აღჭურვილობის განახლებას პრიორიტეტულ საკითხებს შორის ასახელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პირველ საათზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.